26 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ის, რომ ვინმესთვის კარი ჩაიკეტა, არის ტყუილი, არცერთ ოფისზე საკეტი არ შეგვიცვლია - გიორგი ბოტკოველი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი ტყუილს უწოდებს თანაპარტიელის, ბაჩო დოლიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის გარკვეული წევრებისთვის ოფისის "კარი ჩაიკეტა".

როგორც ბოტკოველმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, პარტიის წევრებმა ოფისი საკუთარი ნებით დატოვეს.

"ჩატარდა პარტიაში არჩევნები, პარტიაში არის ახალი რეალობა, პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, თითქოს ვინმესთვის კარი ჩაიკეტა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მოდი, ასე ვთქვათ - ტყუილია. მაქსიმალურად ვცდილობდი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური დებატი არ ყოფილიყო გარეთ გამოტანილი, მაგრამ მერე უკვე, სამწუხაროდ, რაღაცებზე პასუხის გაცემა გვიწევდა.

არავის არავისთვის არ უთქვამს არჩევნების შემდეგ, რომ ვინმე უნდა წასულიყო ოფისიდან და იქ უნდა მიეტოვებინა სამუშაო, თუმცა, მეორე თუ მესამე დღეს, როდესაც დილით ოფისში მივედით, ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები ყუთებში აწყობდნენ საკუთარ პირად ნივთებს და მიდიოდნენ ოფისიდან. რა თქმა უნდა, გვქონდა პირადი კომუნიკაცია და ვეუბნებოდით, რომ ეს მათთვის არავის არ უთქვამს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ჩემთვის ძალიან ბევრმა ძვირფასმა ადამიანმა, ვისთანაც ერთად წლებია ბრძოლაში ვარ და წლებია ერთად მოვდივართ.

რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა ვიღაცის ახლობელი უნდა იყოს და ისე ვერ მოხვდება პარტიაში - ბაჩო დოლიძეს მინდა ვკითხო - თვითონ როგორ მოხვდა პარტიაში რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის დაინიშნა საორგანიზაციო მდივნად?! ერთი ღონისძიება მაინც მითხრას, რა დააორგანიზა ამ პერიოდის განმავლობაში. პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძვიან და ადამიანს ერთი საარჩევნო უბანი მაინც უნდა გქონდეს მოგებული, მინიმუმ, რომ სხვას ჭკუა არიგო და პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებზე ისაუბრო.

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელშიც ბევრი განსხვავებული აზრია და დღესაც ასეა. არავინ არასდროს არ დევნიდა და არც ახლა დევნის განსხვავებულ აზრს. ის, რომ ვინმესთვის კარები ჩაიკეტა, ეს არის ტყუილი, არცერთ ოფისზე საკეტი არ შეგვიცვლია, და არც დაკეტილა არცერთი ოფისი," - აცხადებს ბოტკოველი "ღამის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები