26 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ოპოზიციის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ისევ ჩავარდა - საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაციაზე უარი კიდევ ერთხელ თქვა

უკვე მეორედ, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის დაწყებამდე, რეგისტრაციაზე უარი თქვა. კვორუმი ვერ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ 50 მობილიზებული დეპუტატის მიუხედავად, საგამოძიებო კომისია ისევ ვერ შექმნა. ამჯერადაც, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას წინ განმარტება უძღოდა - საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი ქმედება სასამართლოს მიმართ სოლიდარობის მოტივით ახსნა.

გადაწყვეტილების მიზეზები პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ განმარტა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სასამართლო სისტემაში გავლენების მოსაპოვებლად და ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის ხელის შეშლისთვის სჭირდება.

პლენარული სხდომის დღევანდელი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, "ქართულ ოცნებას" სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოააშკარავების ეშინია და რეგისტრაციაში, უკვე მეორე დღეა, სწორედ ამიტომ არ მონაწილეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე კენჭისყრები აღარ იქნება, შესაბამისად საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში მორიგ სასესიო კვირამდე, სავარაუდოდ აღარ დადგება.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კომისიამ შექმნის გარეშეც, თავისი დანიშნულება შეასრულა და ეს საკითხი ამოიწურა, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყველა ბერკეტის გამოყენება საჭიროა, მათ შორის თემაზე საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკითხი პრინციპულია, ამბობენ, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემენ, რადგან ეს, მათი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობას დააზიანებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციამ დღის წესრიგში რამდენიმე კვირის წინ, 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ დააყენა. კომისიას, მათი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა შეესწავლა.

დღის ამბები