26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
კომისიის ჩაგდებით გაცილებით მეტი ითქვა "ოცნების" მხრიდან, ვიდრე კომისიის შექმნით შეიძლება გაგვეგო - ხათუნა სამნიძე

ოპოზიციამ ისევ ვერ შეძლო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა - "ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეთა სოლიდარობის ნიშნად არ გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა. საგამოძიებო კომისიის ჩაგდებით უფრო მეტი ითქვა - აცხადებენ ოპოზიციაში.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კომისიის შექმნას ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან, ეს იქნება პროცედურული ომი, ეს იქნება მათი განცხადებები და ხედავთ, რომ რაღაცნაირად, გადაება კლანს "ქართული ოცნება". ჩემთვის პირადად, დასრულდა, მგონი ეს საკითხი, იმიტომ, რომ გამოაშკარავდა იმაზე მეტი, რაც შეიძლება გვექნა. ვფიქრობ, შეიძლება ჩასაფრებული პოზიცია იყოს, რომ აი, ოპოზიციიდან ვინმე წავიდეს ან ვინმე ავად გახდეს, მაგრამ თავისთავად ის, რომ ოპოზიციის მობილიზება არსებობდა კარგია და თუ ბევრნი ვიქნებით ყოველთვის, კარგი იქნება,"- აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ეჭვობს, რომ "ქართული ოცნება" დაელოდება მომენტს, როდესაც ოპოზიციას არ ექნება საკმარისი ხმა გადაწყვეტილების მისაღებად და სწორედ ამ დროს დააყენებს საკითხს კენჭისყრაზე, შემდეგ კი ჩააგდებს მას. 

"კომისიის ჩაგდებით გაცილებით მეტი რამ ითქვა "ქართული ოცნების" მხრიდან, ვიდრე კომისიის შექმნით შეიძლება გაგვეგო რამდენიმე თვის მანძილზე. "ქართული ოცნება" სარგებლობს, რომ ოპოზიციაში არის ზუსტად 50 ხმა და ცდილობს, მოძებნოს მომენტი, როდის შეიძლება ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანა, საკუთარი ინიციატივით ისე, რომ საკითხი ჩავარდეს. რა თქმა უნდა, ამას ოპოზიცია პასუხობს განსაკუთრებული მობილიზებით და განსაკუთრებული ერთიანობით. ჩვენ ვმსჯელობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლას,"- აცხადებს სამნიძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დღისწესრიგის ბოიკოტირებით "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური მარცხი განიცადა.

"შესაძლოა, რომ საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნას, მაგრამ დღეს ოფიციალურად გაიფორმა სრული პოლიტიკური მარცხი და კრახი "ქართულმა ოცნებამ", როდესაც უმრავლესობას მოუწია პარლამენტის დღისწესრიგის, ფაქტობრივად, ბოიკოტირება. ეს ხალხი დაელოდება ალბათ იმას, რომ შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც საკმარისი ხმები არ იყოს ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი ჩავარდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები