26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში, ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, როგორც იქნა, პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება დაიწყო - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით ოპოზიცია სხდომებზე ივლის.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასაცილოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს სასამართლოს თავისუფლებაზე საუბრობს.

"წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბის სიცრუეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, სასამართლოს ცუდი ადამიანები დაეპატრონენო. „ქართულ ოცნებაზე“ ამბობს ძალა, რომელმაც, როგორც თვითონ ჩაწერეს დოკუმენტში, გაწმინდა სასამართლო, განათლების სისტემა, ბიზნესი, მედია და ყველაფერი გაწმენდილი ჰქონდათ, როდესაც ბოლოს ისინი საზოგადოებამ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა. ასეთი ძალა დღეს საუბრობს სასამართლოზე, თითქოს სასამართლო აღარ არის თავისუფალი, დამოუკიდებელი. აქ რომ წერტილი დავსვათ, უკვე ეს ამბავი ძალიან სასაცილოა, მათთვის სატირალი რომ არ იყოს. რეალურად, დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა დიამეტრულად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც გადმოვიბარეთ ხელისუფლება. ამას ამბობს არა მხოლოდ მმართველი ძალა, არამედ ამაზე მეტყველებს ყველა სანდო მონაცემი, რომელიც სასამართლოს ეხება. ესაა საქმეების განხილვის მონაცემი, სტრასბურგში სამჯერ შემცირებული საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების, ჩვენი პარტნიორების შეფასებები, სადაც რეიტინგებში მკვეთრი გაუმჯობესება აქვს საქართველოს სასამართლო სისტემას. ყველა მონაცემით ჩანს, რომ დღეს მოქალაქეები ამ სასამართლოს მიიჩნევენ ბევრად უფრო თავისუფალ და სამართლიან სასამართლოდ, ვიდრე იმდროინდელს, როცა გადმოვიბარეთ ხელისუფლება.

სტრასბურგში საჩივრების სამჯერ შემცირება პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დღეს ბევრად უფრო სამართლიანია. ნახეთ, რომ ოპოზიციამ გუშინდელ დებატებში უპასუხოდ დატოვა ყველა კითხვა. ჩვენ მარტივი კითხვები დავუსვით, მაგრამ ყველა კითხვა დატოვეს უპასუხოდ. მათ არ აქვთ არგუმენტები, კონკრეტული მონაცემები, რომლებიც მათსავე განცხადებებს დაადასტურებს. ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ოპოზიციას, რომ მათი სურვილი არ არის არც დამოუკიდებელი, არც თავისუფალი სასამართლო, არც რაიმე ობიექტურის დადგენა. სინამდვილეში მათ აქვთ სამი ამოცანა: 1. ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას; 2. სასამართლოში ჩარევა და იქ როგორმე გავლენის დაბრუნება, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა; 3. შურისძიება სასამართლოსა და მოსამართლეებზე, რომლებმაც გაასამართლეს მათი დამნაშავე პოლიტიკური ლიდერები.

ესენია კონკრეტული ამოცანები, რომლებიც შეგვიძლია, ფაქტებით დავუდასტუროთ, მათ კი არცერთი ფაქტი, კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ გუშინ. შესაბამისად, საზოგადოება კარგად ხედავს, სინამდვილეში რა ინტერესები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც სასამართლოზე სურს მორიგი შეტევისა და კამპანიის წამოწყება. ჩვენ არ მივეცით საშუალება, ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს და მორიგი შეტევა განახორციელონ სასამართლო სისტემაზე. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ უფლებას არ მივცემთ რადიკალურ ოპოზიციას (აღარავინ იცის უკვე, რა ინტერესები ამოძრავებთ, საიდან და როგორ იმართება მათი საქმიანობა), საქართველოს დამატებით მიაყენოს ზიანი, მით უმეტეს, ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები