ვლადიმერ პუტინის მიერ შეწყალებული მსჯავრდებული და "ვაგნერის" წევრი ღიად ჰყვება იმ დანაშაულის შესახებ, რომელსაც დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბრძანებას უწოდებს. გამოცემა "გულაგუ ნეტისთვის" მიცემულ აღიარებით ჩვენებაში არანაკლებ მძიმე სურათს აღწერს "ვაგნერის" კიდევ ერთი ჯარისკაცი.
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტებზე საუბრობს უკრაინის სახალხო დამცველი. დმიტრო ლუბინეცის თქმით, მსგავსი შემთხვევები რამდენიმე ათეულს ითვლის. ომბუდსმენი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
რუსულ აგრესიას ვერ აჩერებს აღდგომის დღესასწაული. მეტიც, საოკუპაციო ძალის შეტევების ინტენსივობა და მასშტაბები გაიზარდა. აგრესორმა ნაღმტყორცნებით და არტილერიით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბა; დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. მსხვერპლია ზაპოროჟიეს ოლქშიც - აქ რუსული იერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ცეცხლის ქვეშ 16 დასახლება მოექცა. 170-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის მისამართით.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზზე აგრესორის 100-მდე შეტევა მოიგერიეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
მტრის შესაკავებლად კიევის მხარდაჭერას განაგრძობს დასავლეთი. დღეს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთმა უკრაინას მიგ-29 ტიპის 13 მოიერიშე გადასცა, ოტავა კი რუსეთისთვის ჩამორთმეულ ქონებას ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად გამოიყენებს. საუბარია ან-124 ტიპის თვითმფრინავზე და აგრესორის სხვა ქონებაზე, რომელიც კანადაშია რეგისტრირებული.