26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება - ნაციონალური მოძრაობა კი ექსპრეზიდენტის საქმეზე ხვალ, საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ყოფილი პრეზიდენტის დედამ შვილი კლინიკა "ვივა მედში" დღესაც მოინახულა. გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი სუსტადაა, ვერ გადაადგილდება და მედიკოსები ვერც წნევის დარეგულირებას ახერხებენ. ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და თვლის, რომ ექსპრეზიდენტის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.

სააკაშვილის მხრიდან მანიპულაციებზე საუბრობს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან თავის დაღწევას თვითდაზიანებით ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ სტრასბურგი სააკაშვილს თავისუფლების გასაღებს არ გადასცემს და უფრო მეტიც, მას ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებას მოსთხოვს.

ახალი სამოქმედო გეგმა აქვთ სააკაშვილის თანაგუნდელებს. "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე, ხვალ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და ოპოზიციონერ დეპუტატებს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. სააკაშვილის თანაპარტიელების თქმით, საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ექსპრეზიდენტის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებასა და კლინიკებში.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უფლებებს არა სახელმწიფო, არამედ მისი გარემოცვა არღვევს. დეპუტატები ყოფილ პრეზიდენტს ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკან ციხეში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა", სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხვალ გახდება ცნობილი. პარტიას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

 

 

​ 

დღის ამბები