26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დატოვებს თუ არა ნიკა მელიას გუნდი "ნაცმოძრაობას" - პარტიაში ურთიერთბრალდებები გრძელდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მორიგ შიდაპარტიულ დაპირისპირებას პირველად გამოეხმაურა. ხაბეიშვილი ნიკა მელიას და მის თანამოაზრეებს ოფისის დამოუკიდებლად გახსნას უწუნებს. მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" სახელით პოლიტიკის კეთება მის გარეშე არ გამოვა. ენმ-ს თავმჯდომარემ თანაპარტიელებს შეახსენა, რომ მაღალი ლეგიტიმაციით არის არჩეული და უთხრა, რომ პარტიის ოპონირება შეუძლიათ სხვა პოლიტიკური ძალიდან განაგრძონ.

კიდევ უფრო კრიტიკული მელიას თანამოაზრეების მიმართ დღეს ირაკლი ნადირაძე იყო. ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლისთვის თანაპარტიელების ქმედება სუსის ტაქტიკასთან ასოცირდება. ნადირაძემ მელიას ახალი ოფისის ფართობიც დაუწუნა და წარსულში წარუმატებელი მმართველიც უწოდა.

კონტრბრალდებები ისმოდა ნიკა მელიას ფლანგიდან - შეუსრულებელი დაპირება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, საუბრები უწყვეტ აქციებზე - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც, შესაძლოა, "ნაცმოძრაობის" ნაწილმა, უკვე ახალი ოფისიდან, ხაბეიშვილის გადარჩევა მოითხოვოს.

დღის ბოლოს, პარტიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნიკა მელიაც. მან ოფისის გახსნის საჭიროება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობით ახსნა, რომელიც, ყოფილი თავმჯდომარის აზრით, წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარდა.

ახალი ოფისის ირგვლივ დაწყებულ კონფლიქტს მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახის მორიგ დემონსტრირებად მიიჩნევს. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში რღვევის პროცესი ლოგიკურია, რადგან გუნდში ღირებულებითი ერთობა არ არსებობს. კანონმდებლების აზრით, პროცესის დაჩქარება ქართულ პოლიტიკას მხოლოდ გააჯანსაღებს.

ვიხილავთ თუ არა "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული წევრებისგან შექმნილ მორიგ პარტიას ან ხაბეიშვილის იმპიჩმენტს - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება რომ მწვავდება, ისიც ადასტურებს, რომ ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის შემდეგ, "კურიერის" ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის დატოვებას ნატო და როსტომ ჩხეიძეებიც აპირებენ. თავად მედიასთან ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა "კურიერს" წყარო უყვება, რომ საკითხი ჩხეიძეებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები