26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"იმედია, შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, ვინ და რატომ ატკინა პატარა გამომგონებლებს ასე ძალიან გული" - ჭიათურაში ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა დააზიანეს

Facebook-ის მომხმარებელი მარიკა ხვედელიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დამონტაჟებული ჭკვიანი ურნა, რომელიც სენსორების მეშვეობით ავტომატურად იმართებოდა, დააზიანეს.

მისივე ინფორმაციით, ჭკვიანი ურნა რობოტიკის კურსის ბავშვებმა შექმნეს.

"ვანდალიზმი. არ ვიცი რა შეფასება შეიძლება ჰქონდეს ასეთ ამაზრზენ ფაქტს. რა უნდა ვთქვათ, როცა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის, რობოტიკის კურსის ბავშვების მიერ შექმნილი ჭკვიანი ურნა, რომელიც ორი დღის წინ დამონტაჟდა ჩვენს ქალაქში, ვიღაცებს თვალში არ მოუვიდათ და ასე დააზიანეს... ურნა სენსორების დახმარებით ავტომატურად იმართებოდა, ბაქტერიებისგან თავდაცვის მიზნით ზედაპირი დისტანციურად იხსნებოდა... პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით განხორციელდა და მსგავსი ურნები უახლოეს პერიოდში ყველა უბანში უნდა დამონტაჟებულიყო. ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია და იმედია შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, ვინ და რატომ ატკინა პატარა გამომგონებლებს ასე ძალიან გული. გრცხვენოდეთ!,"- წერს მარიკა ხვედელიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები