10 ქართველი მოსამართლე, საქართველოს შვიდი სხვადასხვა სასამართლოდან, აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. USAID-თან პარტნიორობით მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ინფორმაციას ამ ვიზიტის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა," - ვკითხულობთ საელჩოს ინფორმაციაში.