26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ჯეილო საქართველოდან - ნუცა ბუზალაძის ახალი სახელი ამერიკაში უკვე მილიონობით მოქალაქემ იცის

ჯეილო საქართველოდან - ქართველი მომღერლის ახალი სახელი ამერიკაში უკვე მილიონობით მოქალაქემ იცის. "რუსთავი2"-ის პროექტებიდან დაწყებული კარიერა ნუცა ბუზალაძემ პროექტ ამერიკულ ვარსკვლავში განაგრძო. ქართველმა შემსრულებელმა ჟიურიც და მსმენელიც კონკურსის პირველივე ტურში გააოცა.

ნუცა ბუზალაძეს სიმღერის შემდეგ, ფეხზე წამოუდგნენ მსოფლიო პოპ ვარსკვლავი კეტი პერი და ჟიურის სხვა არანაკლებ ცნობილი წევრები. გუშინდელი ტურის შემდეგ კი, ასობით მონაწილიდან ნუცა ბუზალაძე ტოპ 24-ში მოხვდა. წინ ლაივ შოუებია სადაც გამარჯვებულს ერთდროულად გამოავლენს მაყურებელი და ჟიური. ბუზალაძე "ამერიკული ვარსკვლავის" ვარსკვლავი უკვე გახდა, გაიმარჯვებს თუ არა ის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

ემოციური იყო ზარი, რომელიც ამერიკიდან საქართველოში პირდაპირი ჩართვით მთელმა მსოფლიომ ნახა. პროექტის სცენიდან, პირველი ემოცია ნუცა ბუზალაძემ დედას გაუზიარა.

ნუცა ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ. ქართველი მომღერლის პირველმა გამოჩენამ ვარსკვლავური ჟიურის წინაშე, დიდი ოვაციები გამოიწვია.

ჰოლივუდური ცხოვრება და გზა წარმატებისკენ, არც ამერიკაში აღმოჩნდა მარტივი. ”დუეტების ტურზე” ნუცა ბუზალაძეს პარტნიორთან დაძაბულობა ჰქონდა. ყველაფერი კი ღამის 3 საათზე, რეპეტიციის სურვილით დაიწყო. კონკურენტი მიხვდა, რომ ნუცა მას ვოკალური შესაძლებლობებით აჯობებდა, ამიტომ სიმღერის წინ, სცენაზე მან არასწორი და საკმაოდ უხერხული ტაქტიკა აირჩია.

სცენაზე ნამღერით და მონათხრობით ჟიურის სამივე წევრი კარგად მიხვდა, თუ ვინ იმსახურებდა გამარჯვებას. შემდეგ ტურში ნუცა ბუზალაძე გადავიდა, კარინამ კი პროექტი დატოვა. 

ნუცა ბუზალაძის "ამერიკული ვარსკვლავის" ძირითად შემადგენლობაშია. ლაივ შოუებზე მაყურებელი და ჟიური საუკეთესოს გამოავლენენ. გახდება თუ არა 21-ე სეზონის გამარჯვებული ჯეილო საქართველოდან, ამას მსოფლიო მალე გაიგებს.

 

დღის ამბები