700 000-მდე დოკუმენტის დიდი ნაწილი, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, "საიდუმლო" და "ზე საიდუმლოა" - საბუთების იმ ნაწილის მიხედვით, რომელთა გაშიფვრაც მედიამ მოასწრო, დოკუმენტები ამერიკის სადაზვერვო ძალისხმევის სიღრმეს აღწერს. საბუთებით დასტურდება, თუ რამდენად ღრმად მოახერხა ამერიკულმა დაზვერვამ, რუსული სპეცსამსახურების კომპრომეტირება.
ვიკილიქსის სკანდალის შემდეგ, ეს შემთხვევა საიდუმლო ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მასიური გაჟონვაა.
გავრცელებული საბუთების კრებული მოიცავს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ფაქტებს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, ჩინეთთან და ახლო აღმოსავლეთთან. ასევე ხაზს უსვამს, რომ იმდენად ღრმად მოახერხა ამერიკამ რუსეთის სადაზვერვო უწყებებში შეღწევა, რომ უკვე უნარი აქვს წინასწარ გააფრთხილოს უკრაინა, რუსეთის მიერ დაგეგმილი თავდასხმების შესახებ.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ დოკუმენტების მიხედვით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკული დაზვერვა მნიშვნელოვან მოკავშირეებსაც უთვალთვალებს. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებს უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო უწყებებში. ერთ-ერთი დოკუმენტი ეხება მოკავშირე ისრაელსაც. როიტერის" ინფორმაციით, მოსადმა წაახალისა პროტესტი ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმის წინააღმდეგ, რათა უზენაეს სასამართლოზე კონტროლი გაეძლიერებინა. დოკუმენტებში საუბარია მოკავშირე სამხრეთ კორეაზეც.
დოკუმენტების გაჟონვამ უკვე გამოიწვია გარკვეული უხერხულობა და კითხვის ნიშნები ვაშინგტონის ურთიერთობებში მოკავშირე სეულთან. სამხრეთ კორეაში ამ სკანდალზე დღეს არაერთი განცხადება გააკეთეს და მოითხოვეს, მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს.
დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა. გამოძიებაში მონაწილეობს პენტაგონიც. გამოძიება ახალი დაწყებულია და ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ შეუწყო ხელი დოკუმენტების გაჟონვას. არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმეში მონაწილე ამერიკელია, დოკუმენტების უდიდესი ნაწილი ამერიკელების ხელში იყო და პარტნიორ ქვეყნებს ამ საბუთებზე წვდომა არ ექნებოდათ. საიდუმლო დოკუმენტების ნაწილს აწერია, რომ ისინი უცხოელების ხელში არ უნდა მოხვდეს. ამერიკის ადმინისტრაცია იკვლევს, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა იმ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელმაც დოკუმენტები გაავრცელა. ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რა მასშტაბის ზიანი მოუტანა შეერთებულ შტატებს დოკუმენტების გაჟონვამ. თუ რუსეთი გაარკვევს, თუ როგორ აგროვებს ამერიკა ინფორმაციას ან გავრცელების წყაროებს ჩაჭრის, ეს იმოქმედებს უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე.