26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
მასობრივი რეპრესიები საბჭოთა ტერორის დროს - ახლად გახსნილ მუზეუმში, 200 რეპრესირებული მწერლის შესახებ ინფორმაცია დაგხვდებათ

სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, საბჭოთა კავშირთან საერთო საუკუნეც კი არ აქვთ, ამიტომ მათთვის ამ სივრცეში ყველა კადრი, ხმა და ტექსტი აღმოჩენაა. სოლოლაკში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლის მეორე სართულზე, სადაც პაოლო იაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ახლა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმია და აქ მოსწავლეებს დოკუმენტური მასალებით უყვებიან წარსულზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მათთვის არც ძალიან უცხო და არც ძალიან შორეულია.

საბჭოთა პროპაგანდა კი მაშინ არა ირიბად, არამედ ღიად ამტკიცებდა, რომ რეპრესიების მსხვერპლი ადამიანები საერთოდ არც არსებობდნენ, ამას ფოტოებიდან ამოშლილი სახეებიც ადასტურებს. ისტორიიდან ბევრის გაქრობა შეძლეს, ბევრმა კი მოასწრო ისეთი ნაკვალევის დატოვება, რომელიც ვერც პოლიტიკურმა ამინდმა და ვერც უხვმა ნალექმა წაშალა.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმში, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მასალა პაოლო იაშვილის შესახებაა გამოფენილი, მათ შორისაა ტყვიების ასლი. ექსპოზიციისთვის მომზადდა დოკუმენტური ფილმი, სადაც ქრონოლოგიურად არის მოთხრობილი პოეტის გზა თვითმკვლელობამდე, ფილმში მკაფიოდ არის ნაჩვენები რეჟიმის ზეწოლა და დაშინების კვალი.

მას შემდეგ, რაც პაოლოს მეგობრების, მათ შორის ცისფერყანწელების წინააღმდეგ ჩვენების დაწერა მოსთხოვეს მან ზეწოლას ვეღარ გაუძლო. "ვაჟკაცი ვარ და ამას ყველას დაგიმტკიცებთ" - თქვა და სროლის ხმაც მალევე გაისმა. ეს ტრაგიკული ამბავი კი არ არის ერთადერთი, რასაც ამ შენობის მატიანე ინახავს- მას კიდევ ბევრი თავგანწირული მწერალი ახსოვს და ბევრიც მოღალატე. მკვლევრებმა ამ დრომდე შეგროვებული მასალების დიდი ნაწილი გამოფინეს, მათ მუზეუმზე მუშაობის დროს უცნობ დოკუმენტებს და სახელებსაც მიაგნეს.

დარბაზში, სადაც ახლა პოლო იაშვილის შესახებ დოკუმენტური მასალაა გამოფენილი, რამდენიმე თვეში შეიცვლება და მას სხვა რეპრესირებული მწერალი ჩაანაცვლებს, თუმცა მუზეუმში არის მუდმივი გამოფენაც, ეს არის წრიულად განლაგებული ინსტალაცია მწერლების მოთვინიერებისა და მათი დაუმორჩილებლობის შესახებ.

ასლებია საქმის მასალები, ორიგინალი კი არის პასტერნაკის წერილი. პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ სამძიმრის წერილი პასტერნაკმა ტიციან ტაბიძეს გაუგზავნა, იმავე 37 წელს, არც კი 6 თვეში, საბჭოთა ხელისუფლებამ ტიციანი დახვრიტა. რეპრესირებული მწერლების მუზეუმი ღიაა ყველა დამთვალიერებლისთვის ვისაც აინტერესებს ამბები მწერლებზე, რომლებიც უფსკრულის პირას იდგნენ და სჯეროდათ რომ მათ აღტაცებულ თავებზე მზე მაინც დადგებოდა.

დღის ამბები