26 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატები ყველა იმ ჟურნალისტისთვის პარლამენტში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდათ

ოპოზიციონერი დეპუტატები ყველა იმ ჟურნალისტისთვის პარლამენტში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდათ.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის დეპუტატები არიან საჯარო ფიგურები და აქვთ ვალდებულება, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

"მინდა საზოგადოებას განვუმარტო რამდენად საშიში ფაქტი მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში რომელიც უნდა იყოს ნამდვილად დემოკრატიისთვის სამაგალითო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, აკრედიტაცია შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს. ასევე, გუშინ უმრავლესობის წარმომადგენლისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმის გამო აკრედიტაცია შეუჩერდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს თათია წოწონავასა და "ტვ პირველის" ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი, პრაქტიკულად, გადაქცეულია ჩაკეტილ, გაუვალ სფეროდ, მათ შორის ჟურნალისტებისთვის იმიტომ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ არ დადიან კრიტიკულ მედიაში, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, მოქმედებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი და მოქმედებს იმ დიქტატის წესი საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარისა და უმრავლესობის მიერ დამკვიდრებული, რომელიც ძალიან მძიმე და ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვისთვის. დაუყოვნებლივ გვინდა მოვითხოვოთ, რომ ეს წესი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გაუქმდეს, დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც დღეს შეჩერებული აქვს. პარლამენტის დეპუტატები არიან საჯარო ფიგურები და აქვთ ვალდებულება, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს," - განაცხადა დეკანოიძემ.

დღის ამბები