26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ისტორიული გადაწყვეტილებაა, საქართველოს სასამართლო სისტემა და ობიექტური მართლმსაჯულება დაექვემდებარება ქართველ ხალხს და არ დაექვემდებარება არცერთ ხელისუფლებას - ხატია დეკანოიძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მოსამართლეების მიმართ პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე "ღამის კურიერის" ეთერში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული.

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს კრიმინალური იუსტიციის და მართლმსაჯულების ისტორიაში მსგავსი გადაწყვეტილების პრეცენდენტი არ ყოფილა. პარლამენტის წევრის განმარტებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  მიღებული გადაწყვეტილება არის გაფრთხილება  ევროინტეგრაციის გზაზე სტატუსის მისაღებად და ასევე უმნიშვნელოვანესი ბიძგი და გზავნილი ხელისუფლებას იმისა, რომ სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს.

პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა და ობიექტური მართლმსაჯულება დაექვემდებარება ქართველ ხალხს და არ დაექვემდებარება არც ერთ ხელისუფლებას.

"ვფიქრობ, რომ ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ისტორიული დღეა იმიტომ, რომ ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ საქართველოს კრიმინალური იუსტიციის და მართლმსაჯულების ისტორიაში ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით ჩემი პოზიცია, რომ სასამართლოს მე ვაფასებ ისევე როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც ვაფასებ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ანუ, ეს სასამართლო, რომელიც არსებობდა და ძალიან სამართლიანად და ძალიან სამართლიანად ბევრი ადამიანი აკრიტიკებდა მაშინდელ სასამართლოს, მურუსიძის-ჩინჩალაძის კლანი და სასამართლო არსებობდა მაშინაც, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან წარმატებით გადმოიბარა და უფრო მეტსაც გეტყვით, პირდაპირ, ყველა ანგარიში და მათ შორის ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო სისტემას მართავს კორპორატიული მმართველობა, კორპორატივიზმი, რაც არის კლანური მმართველობა.

ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, რომელიც დღეს გამოაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ოთხი კლანის წევრის დასანქცირებასთან მიმართებაში, რომ დავაზუსტოთ, ეს მიმოსვლას ეხება - ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას მათ და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალებათ, ეს არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია, ცერცვაძე და პირდაპირ მითითებულია განცხადებებში, რომ ამ მოსამართლეებს ედებათ სანქციები თავისუფალ სამყაროში, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები არის ლიდერი თავისუფალი სამყაროს შესვლის, ეს ძალიან სერიოზული განაჩენია, იმისთვის, რომ ისინი ჩაფლული არიან კორუფციაში და კორუფციულ გარიგებაში მონაწილენი.

მინდა წავიკითხო ბლინკენის სიტყვები, რომელიც ამბობს: „ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშ ვალდებულებების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას“.

ცოტა მინდა გავშალო, თქვენ იცით, რომ მე დავბრუნდი ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც იყო დემოკრატიის სამიტი და დემოკრატიის სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეამბულა: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, დემოკრატიის განვითარება, მედია თავისუფლება, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კლანების, კლეპტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ, სახელმწიფო მდივნის ეს გადაწყვეტილება, სიტყვები, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით სასამართლო სისტემა და კლანური მმართველობა სასამართლოში, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ხელისუფლებას არის უდიდესი დაბრკოლება.

ქალბატონი ელჩი გამოვიდა, ძალიან კონკრეტულად თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება იქ, სადაც არის ქართველი ხალხის ინტერესი ევროინტეგრაციის გზაზე.

ბოლო განცხადებაში, როდესაც პარლამენტში ვსაუბრობდით, მაშინაც ევროსაბჭოს რეკომენდაციები წავიკითხე, განცხადება და ასევე ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ ფასადურად გააკეთა ხელისუფლებამ, გახსოვთ თქვენ, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, რომელიც ეხება პირდაპირ არამოსამართლე წევრების არჩევას და პირდაპირ გვეუბნებოდა ვენეციის კომისიაც, შარლ მიშელის დოკუმენტიც, რომ  სასამართლო სისტემა არის დიდი დაბრკოლება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

ახლა რა მდგომარეობაში ვართ. პირველი: გაფრთხილება - ყველა მოსამართლეს და ყველა სხვა საჯარო პირს, ვინც რეალურად ადამიანის უფლებების და კორუფციაშია ჩაფლული, მარტო დაახლოებით 100-ზე მეტი ქეისია მაღალი კორუფციული რისკების შემცველი, რომელიც არის არასამთავრობო სექტორის მიერ გამოძიებული, აქ არ ვამბობ ოპოზიციაზე მხოლოდ, მათ შორის ეს ეხება მოსამართლეებს, ტენდერებში მოგებებს, სხვადასხვა მიმართულებებით სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვას და კორუფცია როგორც ასეთი, რომელიც პრეამბულა არის ამ დემოკრატიის მიმართულებით, კორუფციაში კლანური მმართველობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს არის ღიად რომ გითხრათ, გაფრთხილება, ევროინტეგრაციის გზაზე სტატუსის მისაღებად, ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და გზავნილი ხელისუფლებას, რომ ახლა უნდა დაიწყოს სასამართლოს რეფორმა.

იუსტიციის საბჭოში არის კლანური მმართველობა. საქართველოს სასამართლო სისტემა და ობიექტური მართლმსაჯულება დაექვემდებარება ქართველ ხალხს, არ დაექვემდებარება არც ერთ ხელისუფლებას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ჩვენი პარტნიორები ამაში გვეხმარებიან, რომ საქართველოს ჰქონდეს ის სასამართლო სისტემა, რომელიც არის თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან - ამას ნიშნავს ეს ისტორიული გადაწყვეტილება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საუბარია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომელშიც წერია, რომ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებაზე, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

დღის ამბები