26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში უკვე მეორედ აგზავნის

ვინ მოხვდება ოლიგარქების სიაში, დავით კეზერაშვილის გარდა -"ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში უკვე მეორედ აგზავნის. მმართველ გუნდს სურს კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპას არც კითხვები ჰქონდეს და არც შენიშვნები. შესაბამისად "ოცნება" ამბობს, რომ ვენეციიდან მიღებულ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს და კანონს მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

ევროპელი სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა გამოიჩინოს და თავიდან აიცილოს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევის საფრთხეები.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი უკვე აპრობირებული უკრაინულის ანალოგია და მას ევროკომისიის დადებითი შეფასებაც აქვს, ოპოზიციას ის არ მოსწონს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ არსებული ფორმით კანონის მიღების შემთხვევაში, მას ხელისუფლება ოპონენტების დევნისთვის გამოიყენებს. ოპოზიცია "ოცნებას" ე.წ. აგენტების კანონპროექტის მსგავსად, სახელისუფლებო პარტიას მისი გაწვევისკენ მოუწოდებს. განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონს უახლოეს დღეებში მეორე მოსმენით განიხილავენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები უკვე გაიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის კომისიაში მეორედ გაგზავნა ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად გადაწყდა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი ამ ნაბიჯით მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობს. მათი მტკიცებით, პროექტის კომისიაში მეორედ გაგზავნა კანონს ვერ გააუმჯობესებს.

დღის ამბები