26 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დღეს არსებული ძალისმიერი ზეწოლა მიუღებელია როგორც სულიერი, ასევე სამოქალაქო კანონებითაც - მიტროპოლიტი ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტ ლუკას წერილს უპასუხა. წერილში მიტროპოლიტი ანდრია აღნიშნავს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დღეს არსებული ძალისმიერი ზეწოლა მიუღებელია როგორც სულიერი, ასევე სამოქალაქო კანონებით.

"გავეცანი რა თქვენს წერილობით მომართვას ჩვენი გულისტკივილი უფრო მეტად გამძაფრდა. საქართველოს ეკლესიის წევრები ძლიერ დამწუხრებულნი არიან უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. ომი - მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიაა, რომელსაც მოაქვს ბოროტება და სიკვდილი, ცრემლები და განადგურება, ესაა კატალიზატორი დესტრუქციული საზოგადოებრივი მოვლენებისა და ადამიანური ქვენა მისწრაფებების გამოვლინებისა.

ამავ დროსაც, ასეთ ვითარებაში, ადამიანებში ვლინდება ღრმა პატრიოტული გრძნობები და ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობა. ქართველმა ხალხმა ეს განსაცდელი გამოიარა სამოქალაქო დაპირისპირების ჟამს და 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დროს. დღესაც კი ჩვენი სამშობლო ამ მოვლენების შედეგის სიმძიმეს ატარებს.

ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი სამწყსოს მდგომარეობ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაცდელებით მძიმდება. მრავალი მორწმუნე პარალელს ავლებს ეკლესიის დევნასთან ბოლშევიკურ პერიოდში.

ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მართლმადიდებელი ეკლესიები კრებსითად იპოვიან გამოსავალს. ქრისტეს ეკლესიის სულისკვეთებისა და კანონების შესაბამისად, რადგან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დღეს არსებული ძალისმიერი ზეწოლა მიუღებელია როგორც სულიერი, ასევე სამოქალაქო კანონებითაც. აღვავლენთ ლოცვას ღვთის წყალობისა და ზეცითგარდმო მშვიდობისა თქვენი ქრისტეს მოყვარე სამშობლოსთვის, ეკლესიისა და ხალხის ერთობისთვის, განმტკიცებისთვის სულისა და ხორცისა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის, უნეტარესს მიტროპოლიტ ონოფრეს წინამძღოლობით, სინოდის წევრებისა, თანამწირველი ძმებისა და მორწმუნე ერისთვის. გისურვებთ სიხარულის აღდგომას! ქრისტე აღსდგა!,"-წერს მიტროპოლიტი.

გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას წერილი, ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტ ლუკას წერილთან ერთად გორისა და ატენის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 

დღის ამბები