26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი მოქალაქეთა მიერ პარლამენტისთვის ე.წ. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის მექანიზმს "უცნაურს" უწოდებს და ამ მიმართულებით რეგლამენტის გადახედვის საჭიროებას ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეთა მიერ პარლამენტისთვის ე.წ. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის მექანიზმს "უცნაურს" უწოდებს და ამ მიმართულებით რეგლამენტის გადახედვის საჭიროებას ხედავს.

პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო წინადადების უფლებას რამდენიმე მოქალაქე ბოროტად იყენებს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ყველა მოქალაქე პარლამენტში თავს წარმოდგენილად გრძნობს ამა თუ იმ დეპუტატის თუ პარტიის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოქალაქემ საკუთარი ინიციატივის საჭიროებაში მინიმუმ ერთი დეპუტატი მაინც რომ დაარწმუნოს, მის საკანონმდებლო წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტის წევრი წარადგენს.

"პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ. საკანონმდებლო წინადადება, რაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პარლამენტში შეიტანოს. ეს კონსტიტუციით დადგენილი უფლება არ არის, მას რეგლამენტი ითვალისწინებს. როდესაც ჩვენ, მათ შორის უცხოელი პარტნიორების დახმარებით პარლამენტის რეგლამენტის სხვადასხვა ინსტრუმენტების ანალიზი გავაკეთეთ, ამ ინსტრუმენტის ანალიზიც გაკეთდა. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში 500 საკანონმდებლო წინადადება შევიდა, საიდანაც საბოლოო ჯამში, 3-4 წინადადების გაზიარება მოხდა.

ძირითადად რამდენიმე მოქალაქეა, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მომართავს. ხშირად ერთსა და იმავე საკანონმდებლო წინადადებაში ერთი სიტყვის შეცვლა და მისი ხელახლა შემოტანა ხდება. ჩემი აზრით, ამ უფლებით ბოროტად სარგებლობენ. როგორც ჩანს, ერთ დეპუტატსაც ვერ პოულობენ, რომლის დარწმუნებას შეძლებენ, რომ პარლამენტში მათი საკანონმდებლო ინიციატივით დეპუტატები შევიდნენ. მათ შორის ჩვენ მოვიკითხეთ რა ჯდება საკანონმდებლო წინადადების განხილვა - ყველაზე მინიმალური დათვლითაც 500 ლარია ღირებულება შრომისა, რომელსაც პარლამენტის აპარატის სხვადასხვა მოხელე თუ დეპუტატი გასწევს, როცა ამ საკითხზე დრო იხარჯება.

ფაქტია, რომ საკანონმდებლო წინადადებების გაზიარების დონე არის ძალიან დაბალი. რიგ შემთხვევაში კურიოზული საკითხები გადის, რომ თითქოს პარლამენტი ჟანდარმერიის შემოღების საკითხს განიხილავს... ეს ის საკანონმდებლო წინადადებებია, რომელიც ძირითადად ხუთი მოქალაქისგან მოდის.

მე ეს ინსტრუმენტი უცნაურად მეჩვენება. არც ერთ ქვეყანაში ასეთ რამ არ არის, რომ ერთ ადამიანს ფურცელზე დატანილი იდეის შემოტანა შეეძლოს, რომელზეც შემდეგ ბიურო, კომიტეტი და აპარატი იმსჯელებს. კარგია თუ ამ საკითხზე რაიმე რეგულაცია იქნება," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები