ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "კურიერი PS-ში" მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე საუბრობს.
მინისტრის განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ ფასების ხელოვნური ზრდა სხვადასხვა სააფთიაქო კომპანიების მიერ შეთანხმებული მოქმედება იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ არსებულ ვითარებაზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
"პირველადი შეფასება და ძალიან დიდი ეჭვი რაც არსებობს, ეს ნამდვილად იყო იმის საფუძველი, რომ კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა დაეწყო და შეთანხმებული მოქმედების და დომინანტური მდგომარეობის გამოყენების გამო ფასების ხელოვნურად ზრდა ხდებოდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენს მოქალაქეებზეც აისახება იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების დაწესებული ფასების გარდა, სადმე სხვაგან ქვეყანაში მოიძებნებოდეს მედიკამენტი და იქ ალტერნატივა იყოს და იქ შეიძინონ.
ასევე, ჩვენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს აქვს ძალიან დიდი პროექტი, 87 მილიონია წლიური ბიუჯეტი ონკოლოგიური მედიკამენტების და იქაც, სამწუხაროდ ეს სიტუაცია შეიქმნა, როცა ერთ დღეს, 15 მარტს, ოთხმა სხვადასხვა მომწოდებელმა დაახლოებით 80 ონკოლოგიურ მედიკამენტზე ზუსტად ერთი და იგივე ფასი დააფიქსირეს დახურული აუქციონის ტიპის ტენდერში. რა საკვირველია ეს ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რომ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება და შეუძლებელია, რომ 1 ლარის სიზუსტით ამდენ მედიკამენტზე, ამდენ კომპანიას ერთდროულად მოსვლოდათ აზრად, რომ ერთნაირი ფასი დაეწესებინათ.
იმის გარდა, რომ ჩვენ ბაზარზე და ჩვენთვის შემოთავაზებულ მედიკამენტებზე ფასებს ვაკონტროლებთ, ასევე შემოსავლების სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციით ვაკონტროლებთ ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტსაც და იქ დასტურდება, რომ 6 თვის განმავლობაში, რომელ 6 თვესაც საპასუხოდ ისინი მოიაზრებდნენ, იმპორტირებული მედიკამენტები იყიდება დღესაც და შეუძლებელია, რომ ხან ზოგიერთი 6 თვის განმავლობაში იყოს 3-ჯერ ნაკლები მედიკამენტზე ფასი და იმ პერიოდში იმპორტირებული იგივე ფასად 2-3-ჯერ გაძვირებული.
აქედან გამომდინარე, ყველაფერს ძალიან მალე მოეფინება ნათელი და ასევე ძალიან მალე შევიტანთ პარლამენტში ახალ რეგულაციას გამკაცრების კუთხით, სადაც ფარმაცევტულ ნაწილში სრულად გავაკონტროლებთ ბაზარს. დღეს, უკვე რამდენიმე კომპანიას ვალდებულება ჰქონდათ , რომ 15 მარტიდან ჰქონოდათ გახსნილი თავიანთი ბაზები და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ დავინახავდით იმპორტირებულ მედიკამენტებს და მათ ბაზებს, შეუძლებელი იყო ასეთი გაძვირება, ან ხელოვნური დეფიციტის შექმნა.
დღეს ვართ იმ ეტაპზე, რომ ეტაპობრივად ასე წესრიგდება. რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის მსხვილებმა გაგვიხსნეს თავიანთი ბაზები როგორც სააფთიაქო ქსელი, ასევე საბითუმო ქსელიც და ჩვენ უკვე აქ დეტალურად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვაკონტროლოთ ის, რომ ხელოვნურად არ შეიქმნას დეფიციტი ან არაადექვატური და არასამართლიანი ფასები არ გადაიხადონ მოქალაქეებმა ან სახელმწიფომ.
საკანონმდებლო ცვლილებებს რაც შეეხება, ისინი ეხება რეაგირებას კიდევ უფრო ოპერატიულად და მყისიერად ჩვენი რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს მხრიდან. ასევე, აღსრულების ნაწილში შეეხება სხვადასხვა კომპონენტებს, რაც შემაფერხებელი ფაქტორი იყო ეფექტიანი მარეგულირებლის მოქმედებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენს საბოლოო მიზანს მიგვაღწევინებს, რაც ბაზარზე სამართლიანი ტარიფები და ფასებია მედიკამენტებზე, და ასევე მოქალაქეებს და სახელმწიფოს მოუხდეთ ადეკვატური ფასების გადახდა," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.