ბუჩაში ტრაგიკულად დაღუპულებს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად დღეს ევროპელი ლიდერებიც გლოვობენ. რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ქალაქის ქუჩები მოლდოვის პრეზიდენტმა, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებმა გაიარეს.
1400-მდე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას პატივი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში მიაგეს. იმ ეკლესიის, რომლის კედლებსაც რუსული სისასტიკის კვალი ამ დრომდე ეტყობა. მსოფლიო ლიდერებმა საოკუპაციო რეჟიმის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
1400-მდე დაღუპული, მათ შორის 37 ბავშვი - სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსულ აგრესიას ბუჩას რაიონში. კიევიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქის ოკუპაცია თითქმის 33 დღე გაგრძელდა. მისი გათავისუფლების შემდეგ სამხედროებს და ჟურნალისტებს შემზარავი სურათი დახვდათ. ქალაქის შესასვლელში ცოცხლად დამწვარი ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს. ბუჩაში ჩავიდა "კურიერიც".
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ აღმოჩენილია რამდენიმე ე.წ. საწამებელი პუნქტი. საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში ათობით ცხედარს მიაკვლიეს. მათ შეკრული ჰქონდათ ხელები. ცეცხლნასროლი ჭრილობა კი კეფაზე აღენიშნებოდათ.
ადგილობრივების ცხედრები ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე იყო მიმოფანტული. მოსახლეობას ცეცხლს ჯავშანმანქანებიდანაც უხსნიდნენ, რაც ვიდეო-კამერებმაც დააფიქსირეს.
ქალაქის აღდგენა უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა, მოსახლეობა 12 თვის წინ განვითარებული მოვლენების შოკიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, 9000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ დრომდე ვერ ხერხდება 12 არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, რომლებიც საერთო სამარხებში, სხვა 146 ცხედართან ერთად აღმოაჩინეს.