26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
7-9 მარტის მოვლენების დროს პოლიციის მანქანის დაწვა, სამართალდამცველებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით და ქვებით თავდასხმა - რას ედავება გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს

პოლიციის მანქანის დაწვა, სამართალდამცველებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით" და ქვებით თავდასხმა - სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს 7-9 მარტის აქციის ერთ-ერთი მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, ლაზარე გრიგორიადისმა, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიმართ, ბლაგვი საგნები ისროლა. მოგვიანებით კი, მათი მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენა. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, სწორედ გრიგორიადისია ის, ვინც რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.

დღის ბოლოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. სახელმწიფო ბრალდებამ გაავრცელა სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერებიც, სადაც ნაჩვენებია საპროტესტო აქციებზე ლაზარე გრიგორიადისის გადაადგილება. პროკურატურის ინფორმაციით, სპეცრაზმის მიმართულებით ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაშავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყების ავტომანქანის დაწვამ კი ბიუჯეტს 39 ათას ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. დაკავებული აქტივისთვის წაყენებული ბრალდება 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაზარე გრიგორიადისი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა ადვოკატმა. დიმიტრი ნოზაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლაზარე გრიგორიადისი წარსულში 2-ჯერ ნასამართლევია. ერთ შემთხვევაში მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, კიდევ ერთი ბრალი კი მას ძალადობისთვის ჰქონდა წარდგენილი. "კურიერის" ინფორმაციით, საუბარია მამის მიმართ ძალადობაზე. შვილიშვილის ნასამართლობას ბაბუა ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს.

აქციის მონაწილის დაკავება პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემა გახდა. ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ პარტიებთან კავშირზე. ვრცელდება ფოტო, სადაც გიორგი ვაშაძესთან ერთად ბექა გრიგორიადისია, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის მამაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანების აქტიური მხარდამჭერია, თავად ლაზარე გრიგორიადისი კი ოპოზიციის აქტივისტი.

გრიგორიდისებთან ურთიერთობას "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ 7-9 მარტის მოვლენების გამო დაკავებულების სამართლებრივი დახმარებისთვის მზად არიან.

7-9 მარტის აქცია ოპოზიციის რადიკალურ გეგმებზე რომ გადიოდა, ამაზე მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მარტის აქციების დროს ადგილი ჰქონდა მძიმე თავდასხმებს და კანონის აღსრულება მნიშვნელოვანია.

7-9 მარტის აქციების დროს ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით გრძელდება, რომლებმაც პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები ჩაიდინეს.

დღის ამბები