პრემია "საბას" კონკურსიდან, ბექა ქურხულის "უკრაინული დღეების" მოხსნის შემდეგ, ავტორმა მედიასთან გამოჩენა არ ისურვა. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში კი თქვა, რომ წიგნი კონკურსზე, გამომცემლობა "ინტელექტმა" მისი თანხმობით წარადგინა. კონკურსს გარეთ დარჩენა მოულოდნელი არ ყოფილა მწერლისთვის, რომელიც პრემია "საბას" გადაწყვეტილებას, წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
მწერლის უკმაყოფილება საბას მისამართით, როგორც თავად ამბობს, 2018 წლიდან იწყება, როდესაც მისი წიგნი ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურიმ აღიარა და დააჯილდოვა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამართულ "საბას" პრემიაზე კი მოკლე სიაშიც ვერ მოხვდა. ქურხულის წიგნი ვერც 2021 წელს მოიწონეს "საბას" ჟიურის წევრებმა, რასაც მაშინ დაპირისპირება სოციალურ ქსელში მოჰყვა. ბექა ქურხულმა "საბას" ორგანიზატორებს და ჟიურის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავად ლიტერატურული პრემიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა კონკურსიდან ქურხულის წიგნის მოხსნის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში განმარტავენ.
ბექა ქურხულის წიგნი კონკურსზე გამომცემლობა "ინტელექტმა" წარადგინა. რედაქციაში ამბობენ,რომ მწერალსა და პრემია "საბას" შორის მომხდარი უთანხმოების შესახებ, ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდათ, თუმცა გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო.
სოლიდარობის ნიშნად, ლიტერატურული კონკურსიდან თავიანთი წიგნები მოხსნეს არჩილ ქიქოძემ, რეზო თაბუკაშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმა.
ლიტერატურული პრემია "საბა" კონკურსის მონაწილეებს 9 ნომინაციაში, შემოდგომაზე დააჯილდოებს.
ავტორი: ანუკა ბუავა.