იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.
"დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი", - განაცხადა ესებუამ.
მოსამართლის კითხვაზე, რომელიმე უფლება ხომ არ დარღვეულა მის მიმართ, ესებუამ უპასუხა, რომ არ დარღვეულა.
ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.
ბრალდების ამ ეპიზოდზე განაჩენი სწორედ ხუთ აპრილს უნდა დადგეს. საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა,"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს.