"პირველი პერიოდი, ორი თუ სამი თვის განმავლობაში დაახლოებით, პაციენტი ექვემდებარებოდა ჩვენს რეკომენდაციებს, შეთავაზებულ მკურნალობას და საკმაოდ კარგი შედეგიც გვქონდა" ,- ამის შესახებ განცხადება ზურაბ ჩხაიძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
როგორც სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” კლინიკური დირექტორი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მკურნალობაზე უარის თქმა, პირდაპირ კავშირში იყო და ემთხვეოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. მისი თქმით, ეს ყველაფერი ასახულია სამედიცინო ბარათში.
"გარკვეული პერიოდი, განსაკუთრებთ პირველი პერიოდი, ორი თუ სამი თვის განმავლობაში დაახლოებით, პაციენტი ექვემდებარებოდა ჩვენს რეკომენდაციებს, შეთავაზებულ მკურნალობას და საკმაოდ კარგი შედეგიც გვქონდა. შემდეგში უკვე, ამას ალბათ თავისი ახსნა აქვს, უკვე პაციენტმა აირჩია სხვა ტაქტიკა და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ როდესაც რაღაც სამკურნალო სქემა იძლეოდა დადებით შედეგს, ეს აისახებოდა მის სუბიექტურ მონაცემებზე, ეს აისახებოდა მის ობიექტურ მონაცემებზე, მათ შორის წინის მატებაზე. იგივე ლაბორატორიული კვლევის შედეგები, ინსტრუმენტალური კვლევის შედეგები, უკვე მაშინვე ხდებოდა უარის გაცხადება ამა თუ იმ შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. ეს რა თქმა უნდა, ასახულია სამედიცინო ბარათში, ამას ასახავს მკურნალი ექიმი, ამას ასახავენ მორიგე ექიმები, რომლებიც არა სამუშაო საათებში იმყოფებიან მასთან. ყველა ეს უარი დაფიქსირებულია სამედიცინო ბარათში და ეს უკავშირდებოდა ყოველთვის მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო მხოლოდ პაციენტის გადაწყვეტილება, ალბათ, გარკვეული მეგობრების რეკომენდაციის შედეგად. მოგეხსენებათ, ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო, თუ არ ვცდები 1500-ს გადააცილა. ამის შემდეგ პაციენტის დამოკიდებულება სრულად იცვლებოდა როგორც სამკურნალო პროცესის, ასევე სამედიცინო პერსონალის მიმართ," - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.