გიული ალასანია ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ამიტომ, ვერ ახერხებს, მედიკოსების შერჩეული რაციონით კვებას. ალასანიამ დღეს პენიტენციური სამსახურის განცხადებასაც უპასუხა. უწყება სააკაშვილს კვებისა და ექიმებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.
"ვივამედის" კლინიკაში ამბობენ, რომ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს კვლავ არ ემორჩილება, რაც, პატიმრის მხრიდან საკვები რაციონის საკუთარი სურვილით შედგენაში გამოიხატება. მედიკოსების თქმით, ის უარს ამბობს ცილოვანი პროდუქტების მიღებაზე, რაც მისი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ მის პარტიაშიც. უცვლელი რჩება მათი მოთხოვნაც. "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოლოდინშია.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს მიზანმიმართულად, წონაში დაკლებისა და გათავისუფლების მოტივით, ამბობს. რაც მმართველი პარტიისთვის, თვითდაზიანებას ნიშნავს. გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდს აინტერესებს, თუ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს, ამის სანაცვლოდ რატომ არ თანხმდება ექიმების შეთავაზებას და არ იკეთებს გადასხმას.
ამ დრომდე ისიც უცნობია, თუ როდის შეიტანს სარჩელს სააკაშვილის ოჯახი სტრასბურგში. გიული ალასანია ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე აქტიურად მუშაობენ და მას, ევროსასამართლოში მას შემდეგ გააგზავნიან, რაც სააკაშვილის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმი დასკვნას დადებს. მოთხოვნა ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.