26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს - რას პასუხობს ოპოზიცია

რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა რუსთავის განვითარების წინააღმდეგია - განცხადება ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე რუსთავის მერმა გააკეთა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ატარებენ, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ქალაქის ბიუჯეტს და ზოგადად განვითარებას საფრთხის წინაშე აყენებს.

"რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს. მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი მავნებლობა და ქალაქის ღალატი შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკას, რომელსაც რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოს, უმრავლესობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები შეთანხმებულად ატარებენ. მათ ერთობლივ პოლიტიკურთ თამაშებს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქალაქის ბიუჯეტი, და, ზოგადად, განვითარება შეიძლება შეეწიროს. მათ მიერ ხელოვნურად ჩაშლილ სხდომებს ამჯერად რუსთავის განვითარების გენერალური გეგმა, მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციონირება და ის რეფორმები ეწირება, რასაც ჩვენი გუნდი მთავრობის თანადგომით, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით ატარებს. განხილვის გარეშე დატოვეს შშმ პირთა ცენტრის, ბენეფიციარებისთვის ფართის გადაცემის საკითხი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 60-მდე მოზარდი ელოდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელი გუნდი მოვუწოდებთ საკრებულოს უმრავლესობას აიღონ ის პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობაც მათ მოსახლეობამ მანდატების გადაცემის შემდეგ დააკისრა," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის განცხადებას უკვე უპასუხეს საკრებულოს უმრავლესობაში. რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ალექსანდრე ბერიძე ნინო ლაცაბიძის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ რეალურად არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელიც მერიის მიერ არის შემოტანილი და საკრებულოში ვადები დაირღვა.

"ერთ-ერთი დოკუმენტი, შემოტანილი საკითხი ამოიღოს, რომელზედაც საკრებულოს ვადები არის დარღვეული. ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს. ზეპირად, პოპულისტურად და მოჩვენებითად შეგვიძლია ნებისმიერ რამეზე ვილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის. ეს არის დიდი სიცრუე და იმის პასუხი, რომ თვითონ ვერ ართმევენ თავს იმ დაკისრებულ ვალდებულებებს, რა ვალდებულებებიც აქვთ ქალაქის წინაშე," - ამბობს ალექსანდრე ბერიძე.

დღის ამბები