"კურიერი PS-ის" ექსპერიმენტი და საგანგაშო შედეგი - ყველი, რომელსაც ბაზარში, ან ბრენდირებულ მარკეტებში ყიდულობთ, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად სახიფათო იყოს. PS-ის გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე ადგილას შეძენილი იმერული ყველი ლაბორატორიაში ჩააბარა. კვლევა რძის პროდუქტში სხვადასხვა ბაქტერიებისა და მცენარეული ცხიმების არსებობის დასადგენად რამდენიმე დღე გაგრძელდა, შედეგი კი საგანგაშო აღმოჩნდა. სისუფთავესთან და უვნებლობასთან შეუსაბამობაა ყველა ჩაბარებულ ნიმუშში. ზოგ შემთხვევაში დადგინდა ნაწლავური ჩხირების, ზოგ შემთხვევაში კი - ტრანსცხიმების არსებობა.
ყველის დაბინძურების სავარაუდო მიზეზები შემზარავად ჟღერს. ლაბორატორიული კვლევის შედეგების განმარტებისთვის ყველის ასოციაციის თავმჯდომარეს მივმართეთ. ანა მიქაძე დეტალურად გვიხსნის არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ ყველის მომზადების სპეციფიკას და გამოყენებული ინგრედიენტების მავნებლობას. როგორც ირკვევა მცენარეული ცხიმებით მომზადებულ პროდუქტში ყველაზე ხშირად გამოიყენება პალმის ცხიმი, რომლის მავნებლობაც საყოველთაოდ ცნობილია - სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ტრანსცხიმი კიბოს იწვევს.
ტრანსცხიმების გამოყენების და ანტისანიტარიაში მომზადების გარდა, ირკვევა, რომ ყველის სასურველი კონსისტენციის მისაღებად, სხვადასხვა მედიკამენტოზურ დანამატსაც იყენებენ. პროდუქტში მავნე ბაქტერიების თავიდან ასარიდებლად არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ანტიბიოტიკებსაც კი ურევენ.
კვლევის შედეგები საგანგაშოდ ეჩვენებათ ექიმებსაც, ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, საეჭვო ყველი საერთოდ ამოვიღოთ ბავშვების რაციონიდან.
ყველი რომ ერთმნიშვნელოვნად უვნებელი პროდუქტი არ არის ეს "კურიერი PS-ის" ექსპერიმენტმაც აჩვენა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ოფიციალურად მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. პროტოკოლით, მომდევნო დღეების განმავლობაში, უწყება არაგეგმიურ კონტროლს განახორციელებს, რომლის შემდეგაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის სახიფათო რძის პროდუქტებს ბაზრიდან ამოიღებენ, შეისწავლიან და დარღვევების შემთხვევაში, გაანადგურებენ, არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს კი დააჯარიმებენ.