თბილისში, შუახნის მამაკაცი, დანით საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს დაჭრეს. ძლიერი სისხლდენის გამო ის ადგილზე გადაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, მოკლული ჯონი გოგაშვილია და მას სასიკვდილო და დაზიანებები ცივი იარაღით მეზობელმა მიაყენა. დანაშაული დიღმის მასივში მოხდა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგაშვილს და მისთვის კარგად ნაცნობ პირს ყოფით ნიადაგზე კამათი მოუვიდათ.
კორპუსიდან გამოსულები კი ერთმანეთს უკვე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა დანა ამოიღო და შუახნის მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღეს. ბელიაშვილის ქუჩაზე პოლიცია რამდენიმე საათის განმავალობაში მუშაობდა.
შემთხვევა დღის საათებში მოხდა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. სამართალდამცველებმა მოწმეები უკვე გამოკითხეს.
ადგილობრივები მოკლულსაც და ბრალდებულსაც იცნობდნენ, თუმცა რას მოყვა კონფლიქტი და რა გახდა მკვლელობის მოტივი, ვერ საუბრობენ. მეზობლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის წინააღმდეგ, შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.