26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ხატია დეკანოიძის პარტიიდან წასვლა ენმ-ს თავმჯდომარისთვის "უპასუხისმგებლო ნაბიჯია" - ლევან ხაბეიშვილი ფაქტს ოპოზიციის დაყოფაში მონაწილეობადაც აფასებს

ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო გუნდში აღარ ირიცხება. უკვე დღეიდან, ის საკანონმდებლო საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე განაგრძობს. ფრაქციასთან ერთად ხატია დეკანოიძე პარტიასაც ტოვებს, ამბობს, რომ გუნდთან გარკვეულ გადაწყვეტილებებზე შეუთანხმებლობა აქვს, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტზე და 9 აპრილის აქციაზე. ხატია დეკანოიძემ დღეს ისიც დაადასტურა, რომ პარტიასთან უთანხმოება მერაბიშვილის ფაქტორმაც გამოიწვია.

თავად პარტიის თავმჯდომარე კონკრეტულ მიზეზებს, რის გამოც ხატია დეკანოიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ყოფილი თანაპარტიელი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით დეკანოიძემ ოპოზიციის დაყოფაში მიიღო მონაწილეობა და ამით "ქართულ ოცნებას" ხელი შეუწყო.

ხატია დეკანოიძის პოზიცია გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისთვისაც, რომელიც ამტკიცებს, რომ პარტიას დეკანოიძესთან პრინციპულ საკითხებზე უთანხმოება არ ჰქონდა. ლევან ბეჟაშვილისთვის ყოფილი თანაპარტიელის გადაწყვეტილება მოულოდნელიც იყო, ამბობს, რომ დეკანოიძის პოზიციის შესახებ არა პირადად მისგან, არამედ ტელეეთერიდან შეიტყო.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მის მოვალეობას საკანონმდებლო ორგანოში ახლა ლევან ბეჟაშვილი ასრულებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ის თინათინ ბოკუჩავამ ჩაანაცვლოს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს დაუბრუნდა. თავად ბოკუჩავა ფაქტს არ ადასტურებს. ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. დეპუტატმა დღეს პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებებიც შეაფასა და მას მიუღებელი უწოდა.

ხატია დეკანოიძის პარტიიდან წასვლა, ოპოზიციისთვის იმ განხეთქილების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ფიქრობენ, რომ მსგავსი პროცესები პარტიას განსაკუთრებით დააზიანებს. რომან გოცირიძე კი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პირველმა დატოვა, ამბობს, რომ თუ ვითარება პარტიაში არ შეიცვლება, მას უფრო მეტი წევრი გამოაკლდება.

ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილება არ უკვირს საპარლამენტო უმრავლესობას, სადაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტებაზე მეტყველებს. კანონმდებლების თქმით, პარტიიდან წევრების გადინება სწორედ მერაბიშვილის ფაქტორმა გამოიწვია.

ხატია დეკანოიძის გარდა, შესაძლებელია საპარლამენტო ფრაქცია ბაჩუკი ქარდავამაც დატოვოს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ცნობილია, რომ ის საკითხზე კონსულტაციებს მართავს. ბაჩუკი ქარდავასთვისაც წყალგამყოფი საპარლამენტო ბოიკოტის საკითხია.

დღის ამბები