26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება გუბაზ სანიკიძესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის - პარლამენტში პრემიერის მოსმენა დღეს რამდენიმე ინციდენტის და ურთიერთბრალდებების ფონზე შედგა

ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინტერპელაციის წესით დაიბარეს. მთავრობის მეთაურმა თავისი გამოსვლის ძირითადი დრო "ოცნების" ხელისუფლების წარმატებებს და ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. 

პარლამენტის შენობაში იყო დაპირისპირებაც. ხელჩართული ჩხუბი დერეფანში "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და გუბაზ სანიკიძეს შორის ინტერპელაციის დასრულების შემდეგ დაიწყო. დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური, ოპოზიციონერ დეპუტატს კიბეებთან დაედევნენ და პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს.

დერეფანში დაპირისპირებას სხდომათა დარბაზში კონფლიქტი უძღოდა წინ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრმა დასკვნით სიტყვაში, გუბაზ სანიკიძეს გაყიდული უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ სანიკიძე იმდენად გააღიზიანა, რომ მთავრობის მეთაურს არაერთხელ შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დარბაზში მიმდინარე კონფლიქტში, უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაურიც ჩაერთო.

დარბაზიდან დერეფანში გაყვნენ გუბაზ სანიკიძეს მმართველი გუნდის წვერები. მომხდარ ჩხუბს მალევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ გუბაზ სანიკიძემ "ნაციონალური მოძრაობისგან" თავის დროზე 100 000 დოლარი აიღო.

მომხდარ დაპირისპირებაზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს ოპოზიცია.

თავად გუბაზ სანიკიძეს ადანაშაულებს კონფლიქტის პროვოცირებაში საპარლამენტო უმრავლესობა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დაპირისპირება, პრემიერის მისამართით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტი დატოვა და სხდომაზე აღარ გამოჩენილა, ის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის პროცესს აღარ დასწრებია.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

 

 

დღის ამბები