ქვეყნის პირველი კლინიკა ნახევრად ფუნქციონირების რეჟიმზე გადადის. რესპუბლიკურის ძველი კორპუსის დემონტაჟი და ახალი 500 საწოლზე გათვლილი რეგიონული ჰაბის აშენება, ასეთია ჯანდაცვის უწყების გეგმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს გეგმა ყველასთვის მისაღები არ არის.
ექიმების ნაწილი შიშობს, რომ კლინიკა შესაძლოა სრულად დაიხუროს, ისინი კი ხელფასისა და სამსახურის გარეშე აღმოჩნდნენ. საკუთარი თანამშრომლებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას კლინიკის ხელმძღვანელი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკურის ბედის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრისას მიიღებენ.
მანამდე კი ექიმების ნაწილი დირექტორმა ზაზა ავალიანმა იმაში დაარწმუნა, რომ უფუნქციოდ დარჩენილებს რეაბილიტაციის პროცესში კომპენსაციას გადაუხდის. ცნობილი გახდა ისიც, რომ საავადმყოფოს მხოლოდ ის ნაწილი დაიშლება, რომელშიც ახლა არც სამუშაო პირობებია და პაციენტების მიღებაც არ შეუძლია. ჯანდაცვის უწყებამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გააკრიტიკა ქვეყნის პირველი კლინიკა და განაცხადა, რომ რესპუბლიკური ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჯანდაცვის მინისტრმა 15 თებერვალს დააანონსა. თქვა, რომ კლინიკაში არსებული მდგომარეობა ვერცერთ სამედიცინო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. რეაბილიტაციის დაწყების წინ უკვე გამოცხადდა რეორგანიზაციაც. თუმცა, როგორც გაირკვა ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილს ეხება. დღეს ყველა პასუხისმგებელი პირი ამბობდა, რომ კლინიკის გასხვისება არ იგეგმება
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმას და ახალ კონცეფციას მალე წარადგენს.