"კურიერის" რესპონდენტები კონკრეტული მედიკამენტების გაძვირებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის განკუთვნილ პრეპარატებზე ღირებულების ზრდას, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
თვითნებურად გაძვირებულ წამლებზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებამ იმ მედიკამენტების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა, რომლებიც ონკოპაციენტებისთვის არის განკუთვნილი და რომლებზეც ზოგ შემთხვევაში ფასი გაოთხმაგებულია. მაგალითად, თუ თებერვალში პრეპარატი აფინიტორი 753 ლარი ღირდა, დღეს წამლის ღირებულება 2 970 ლარია. საუბარია იმ პრეპარატებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება.
უწყებაში ამბობენ რომ სახელმწიფოს რეაგირება ფასების ხელოვნურ მომატებაზე მკაცრი იქნება. სამინისტრო შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს, ამბობენ რომ ბაზრის შესწავლის შემდეგ გაირკვევა სანქციების პირობები და ისიც თუ ვის დაეკისრება სოლიდური ჯარიმა. სააფთიაქო კომპანიების წარმომადგენლები კი ფასების ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით, ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ
სააფთიაქო ბაზარზე არსებულ კარტელურ გარიგებებზე ჯანდაცვის მინისტრი ერთი თვის წინაც საუბრობდა.მაშინ ფასები ქრონიკული დაავადებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე გაიზარდა, თუმცა ღირებულება მალევე დარეგულირდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფარმაცევტული მიმართულებით რამდენიმე რეფორმა უკვე განხორციელდა. ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი და ხარისხიანი წამლები. შედეგად, სამკურნალო პრეპარატებზე ფასი 60-80 პროცენტით შემცირდა. რეფერენტული ფასით დადგენის შემდეგ კი ფასი 40%-ით შემცირდა. სააფთიაქო ბაზარზე გაიაფებული მედიკამენტების სია რამდენიმე დღის წინ გაიზარდა. ღირებულების ზედა ზღვარი საერთო ჯამში უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე ვრცელდება.