26 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაცია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მოკვლევა დავიწყოთ -  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირებაზე 

კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აქვე აღნიშნავს რომ უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

სამინისტროს ინფორმაციით, ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა სხვა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას - ეს კი მნიშვნელოვნად აზარალებს, როგორც მოქალაქეებს, ასევე სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

"ფარმაცევტული კომპანიების არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთიდაიმავე დასახელების მედიკამენტზე ზუსტად ერთი და იმავე თანხა აქვთ განსაზღვრული და ასევე, ფასი პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი,"- აღნიშნავს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

საქმის მოკვლევის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩართულია  კონკურენციის ეროვნული სააგენტოც.

"ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია გვაძლევს იმის საკმარის საფუძველს, რომ მოკვლევა დავიწყოთ. ეს მოხდება სავარაუდოდ 2 მიმართულებით - შესაძლო არაკეთილსინდისიერად შეთანხმებული ქმედება და აღნიშნულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება," - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები