ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სამსახურებთან მოსახლეობას უკვე აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.
დედაქალაქის მერიას "ფიქს თბილისზე" მუშაობა დაწყებული აქვს. მოქალაქეები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში დაზიანებულ ინვენტარს ხშირად ხვდებიან, ამბობენ, რომ აპლიკაცია რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ახალი პლატფორმისთვის უკვე ბოლო დეტალები მზადდება. აპლიკაციის შემქმნელები ამბობენ, რომ პროგრამა ნებისმიერი ასაკის კატეგორიაზეა გათვლილი. რამდენიმე ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს ეგზავნებათ.
საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათების და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება - აპლიკაცია თავდაპირველად საკითხთა ოთხ კატეგორიას გააერთიანებს.
ახალი აპლიკაცია მაისიდან ამოქმედდება. მიმდინარე თვის განმავლობაში დაგეგმილია საინფორმაციო პრეზენტაციები.