26 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ირანული დრონების ღამე უკრაინაში - ცნობილი ხდება, რომ ამერიკა უკრაინას "პეტრიოტის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

ზაპოროჟიე ოკუპანტებმა დღის პირველი საათისთვის დაბომბეს. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს 2 რაკეტა მოხვდა. დაიღუპა 1 - დაშავდა 25 მშვიდობიანი.

მსხვერპლი გაიზარდა კიევის ოლქშიც. ბოლო მონაცემებით, საჰაერო შეტევის შედეგად 7 მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა 8. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით აგრესორი საცხოვრებელ ზონას დაესხა თავს. აფეთქებულია კორპუსის 2 სართული.

მასშტაბური იერიში განახორციელა რუსულმა ჯარმა სუმის ოლქზეც. დაიბომბა 7 დასახლებული პუნქტი. გამოიყენეს ნაღმმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები. მძიმე ღამე იყო ოდესის ოლქშიც. აქ ცეცხლი არა დრონებმა, არამედ რუსულმა მოიერიშე "სუ-35" - მა გახსნა. საპორტო ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, კორპუსზე მიტანილ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 3.

ფრონტის ხაზზე, ყველაზე ცხელ წერტილში კი უკრაინის პირველი პირი ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან იმ მებრძოლებს შეხვდა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ქალაქს რუსი ჯარისკაცებისგან იცავენ და თავდაცვით პოზიციებს არ თმობენ.

ბოლო 24 საათში უკრაინელი სამხედროების მიერ წარმოებული კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია 920 რუსი ჯარისკაცი. მონაცემებს ქვეყნის გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ განადგურებულია დამატებით 5 ტანკი, 8 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და სხვა შეიარაღება.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, აგრესორის შეკავებაში დასავლეთის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკა უკრაინას "პეტრიოტის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. დაჩქარდება ასევე "აბრამსის" ტიპის ტანკების მიწოდების პროცესიც. ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად 470 მილიონიან დახმარებას გამოყოფს იაპონია. დამატებით 30 მილიონი არალეტალური აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ კიევში ჩასულმა იაპონიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა.

 

 

დღის ამბები