26 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" პარლამენტმა კვლავ მეორე მოსმენაზე დააბრუნა

ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" პარლამენტმა კვლავ მეორე მოსმენაზე დააბრუნა. საკომიტეტო განხილვები, სადაც დოკუმენტზე მუხლობრივი მსჯელობა იგეგმება, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.

ამის მიზეზად მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ასახელებს. ამავე დროს, საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტზე დასკვნას ელოდება ეუთო/ოდირისგან.

"იქიდან გამომდინარე, რომ მიგვაჩნია, რომ საკითხები საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დაზუსტებას, პროცედურულად საჭირო იყო რომ მესამე მოსმენაზე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მესამე მოსმენიდან ამის გამო დაბრუნდეს მეორე მოსმენით განხილვისთვის. ამიტომ, ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩვენ საკომიტეტო განხილვა გვექნება, სადაც ავსახავთ შესაბამის ცვლილებებს და ისე დავუბრუნდებით უკვე პლენარულ სხდომას და ისე მივიღებთ ამ კანონს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.

ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას და რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებისთვის საკუთარი რესუსრების გამოყენებას აპირებს, ნაწილი კი პროტესტის ნიშნად მასში მონაწილეობას არ აპირებს.

"მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ქართული ოცნება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებს, სადაც სისტემურ მიდგომასთან არის საუბარი და აღნიშნულ კანონთან მიმართებაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხეზეც კი იყო აქცენტი. თუმცა, პროცესში ჩართვით, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ვენეციის რეკომენდაციების ასახვა ამ პროექტში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, თეონა აქუბარდია.

დღის ამბები