სიზმარი საინტერესო ფენომენია. ადამიანს ყველა დროში აინტერესებდა, თუ რა იყო იგი, საიდან მოდიოდა ადამიანის გონებაში. მიუხედავად უამრავი დაკვირვებისა, მოსაზრებისა თუ ცდებისა, სიზმარი მაინც ამოუხსნელ ფენომენად რჩება.
რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში - ფსიქიატრი ლაშა კილაძე გადაცემა "შუადღეში" სიზმრის ფენომენზე საუბრობს:
"სიზმარი ჩნდება ძილის იმ ფაზაში, რომელსაც ჰქვია სწრაფი ან პარადოქსული ძილი. ძილშიც გამოიყოფა სხვადასხვა სახის ციკლი. იწყება ეს ციკლი ფენომენით, რომელსაც ჰქვია ნელი ძილი და დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მას მოჰყვება სწრაფი ან პარადოქსული ძილის ფაზა, როდესაც ვეგეტატური ნერვული სისტემა ფუნქციონირებს და როდესაც ადამიანი ხედავს სიზმარს. შემდეგ მოდის ისევ ნელი ფაზა, ისევ სწრაფი ფაზა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ადამიანი ღამის განმავლობაში დაახლოებით 5 ამგვარ ციკლს გაივლის და 5 სიზმარს ხედავს.
სხვათა შორის, სწრაფი ძილი არის ყველაზე დიდი რისკის მატარებელი იმიტომ, რომ როდესაც დააკვირდნენ ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების დინამიკას, ყველაზე ხშირად ეს ხდება სწრაფი ძილის ფაზაში. სწრაფი ან პარადოქსული ძილი ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს ფსიქიატრი.
რის მიხედვით გვამახსოვრდება სიზმრები?
"თეორიები უამრავი არსებობს. მათ შორის, თანამედროვე თეორიით, ეს არის არაცნობიერიდან წამოსული იმპულსები, ანუ ანატომიურად თავის ტვინის ქერქის დაბალი ნაწილებიდან წამოსული იმპულსები, რომელიც შემდეგ პროეცირდება თავის ქერქში. ფსიქოანალიზისა და ფროიდის თეორიას თუ განვიხილავთ, ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ბრუნდება ის ემოციები და ის სიტუაციები, რაც ცნობიერმა არაცნობიერში განდევნა. სიზმრის დამახსოვრების მთავარი კრიტერიუმი - ემოციაა. სიზმარი გვამახსოვრდება ემოციით, თუ მას მოჰყვება მძაფრი ემოცია, სწორედ ასეთი სიზმარი გვამახსოვრდება იმ ხუთიდან, რომელიც ღამის განმავლობაში ვნახეთ," - აღნიშნავს ლაშა კილაძე.
არსებობს თუ არა სიზმრის მართვის ფენომენი?
"არსებობს ასეთი ტექნიკა, თერაპიაში გამოიყენება ნევროზული რეესტრის აშლილობის დროს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად არის ეს მიჩნეული. არის თეორიები, რომელიც ამას პირდაპირ მავნებლობად და უხეშ ინტერვენციად აღიქვამს, მაგრამ არიან მეცნიერები, რომელიც ამას პრაქტიკაში ეფექტურად იყენებენ. სიზმრის მართვის თემა გახლავთ ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ," - აცხადებს ფსიქიატრი.
რაზეა დამოკიდებული სიზმრის გამეორება?
"ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ფიზიოლოგიურ მდგენელებზე. როდესაც კოშმარები გვესიზმრება, მაშინ ადამიანების უმრავლესობას მარცხენა მხარეს სძინავს ხოლმე. ფიზიოლოგიურად მარცხენა მხარეს გულია, შესაბამისად, მასზე დაწოლის დროს ჰაერის უკმარისობის ფენომენი ვითარდება, ადამიანს ესიზმრება, რომ განსაცდელშია, გული უჩქარდება, გარბის, ვერ გარბის, ბავშვობის შიშები და ასე შემდეგ, ამ მოცემულობაში პროვოცირდება.
მოუხერხებელი მდგომარეობა ძილის დროს, შესაძლოა დაგვესიზმროს, რომ ვიღაცამ ტრავმა მოგვაყენა ან დავიზიანეთ სხეულის კონკრეტული ნაწილი, შემდეგ დილას აღმოჩნდება რომ ნამდვილად დაზიანებული გვაქვს. კარგი ძილი და დალაგებული ემოციური ფონი არის სასიამოვნო სიზმრების წინაპირობა," - ამბობს ლაშა კილაძე.
რატომ ხდება სიზმრები წინასწარმეტყველური?
"მახსენდება ჩინური იგავი - ბრძენს დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, შემდეგ გამოეღვიძა და აღარ იცოდა ეს ბრძენი იყო, რომელსაც დაესიზმრა პეპელა თუ პეპელა იყო, რომელსაც დაესიზმრა რომ იყო ბრძენი - ეს შეკრული წრეა. ბორხესი ამბობდა, რომ სიზმარი, ეს არის მხატვრული ნაწარმოები ყველაზე არქაულ და ღმერთებთან ყველაზე მიახლოებულ ენაზე, ამიტომ ეს ფენომენი იმდენად საინტერესო და ლამაზია, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერც ფიზიოლოგია ახსნის ამას, ვერც ფსიქოლოგია, ვერც ფსიქიატრია, ეს ადამიანის ბუნების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ნაწილია," - ამბობს ლაშა კოლაძე.