26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ცვლილებები მთავრობასა და პარლამენტში, როტაცია ოცნების დეპუტაციაშიც- ვინ ტოვებს ვადაზე ადრე მეათე მოწვევის პარლამენტს?

ოფიციალური განაცხადი გაკეთებულია-დეპუტატის მანდატზე ირაკლი კოვზანაძემ უარი თქვა. წერილი პარლამენტს უკვე ჩაბარდა. საპროცედურო კომიტეტი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს. რა გახდა-სამი მოწვევის პარლამენტის წევრის გადაწყვეტილების მიზეზი- ოფიციალური განმარტება ირაკლი კოვზანაძეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ბოლო რამდენიმე დღეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არც საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი კოვზანაძის წასვლა ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკავშირდება. ამ ვერსიას პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კოვზანაძეს პარლამენტიდან წასვლის სურვილი დიდი ხნის წინ ჰქონდა და ის გადაწყვეტილებაზე თავად ისაუბრებს. ირაკლი კოვზანაძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან, არც მისი კომიტეტის წევრები, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში არც ის იციან ვინ შეცვლის თავმჯდომარეს. კოვზანაძის მოადგილე მასთან რაიმე სახის მოლაპარაკებას არ ადასტურებს.

ირაკლი კოვზანაძე შესაძლო ერთადერთი არ იყოს, ვინც მეათე მოწვევის პარლამენტს ვადაზე ადრე დატოვებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება, თუმცა მედიაში აქტიურად განიხილება, რომ მანდატზე უარის თქმას, ვიცე სპიკერი დავით სერგეენკოც გეგმავს. საუბარია -თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე ვლადიმერ ჩაჩიბაიაზეც, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრ ნინო იობაშვილსა და გიორგი ხელაშვილზეც.

არცერთი მათგანი მედიასთან კომუნიკაციას დრეს არ დათანხმდა. სამუშო ოთახებიც ცარიელი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის კოლეგების გადაწყვეტილება დეზინფორმაციის შედეგია. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის დატოვების მიუხედავად ყოფილმა დეპუტატებმა საქმიანობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძონ. ”ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილის გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ლოგიკურს უწოდებენ. აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის დასაწყისიც იყოს.

5-დეპუტატის წასვლის შემთხვევაშიც მმართველი ძალა საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დგება. თუ ქართული ოცნების წევრები სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვიან მათ ნაცვლად პარლამენტში მათი ადგილმონაცვლეები შევლენ. ორის ვინაობა უკვე ცნობილია-გიორგი ამილახვარის და ირაკლი კოვზანაძის ადგილებს ოცნების საარჩევნო სიის წევრები გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი დაიკავებენ.

უმრავლესობა ასევე მსჯელობს იმაზე თუ ვისით ჩანაცვლებიან საფინანსო და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობა მინიმუმ 4 დეპუტატის გადაწყვეტილების მოლოდინშია, დატოვებენ მანდატებს, თუ მეათე მოწვევის შემადგენლობაში დარჩებიან ეს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

დღის ამბები