26 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მას აქვს ძალიან კარგი ხედვა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ გიორგი ამილახვარი წარმატებული მინისტრი იქნება.

პრემიერმა წარდგენისას გიორგი ამილახვრის განათლებაზე და კარიერულ მიღწევებზეც ისაუბრა.

"გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ამილახვარს აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება. იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდამ, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი. სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ დღემდე გიორგი ამილახვარი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. გიორგი ამილახვარი წლებია, ჩართულია განათლების სფეროში. ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მჯერა, დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი გვისაუბრია განათლების საკითხებზე. მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და ვფიქრობ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა, ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად, მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზეც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და მადლობა ვუთხრა ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელს," – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები