პლანშეტზე ხატვა - ტექნოლოგია, რომელსაც ახალგაზრდა არტისტები აქტიურად იყენებენ. მხატვრების ნაწილი საკუთარ ნამუშევრებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის. რატომ ამჯობინეს თანამედროვე არტისტებმა ტილოზე ხატვას გაჯეტის გამოყენება, რა თავისებურებები აქვს ციფრულ მხატვრობას და როგორია მიმდინარეობის განვითარების პერსპექტივები - "კურიერმა" აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.
ყოველდღიური მოვლენების ესთეტიკურად წარმოჩენა 23 წლის თაკო სირაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახალგაზრდა არტისტისთვის სამსახურისკენ მიმავალი რუტინული, დამღლელი გზაც კი შესაძლოა, შთაგონების წყარო გახდეს. ვიზუალური არტისტი განცდილ ემოციებს არა ტრადიციულ, არამედ თანამედროვე სახატავ ხელსაწყოებს იყენებს.
2 წელია, რაც მხატვარმა ციფრულ სამყაროში შეაბიჯა, მანამდე კი ტრადიციულ ფერწერულ ნამუშევრებს ქმნიდა. სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის შესწავლისა და ხატვის სასურველი ტექნიკის ძიების კვალდაკვალ გაჩნდა იდეა - სახატავი ტილო - ეკრანით, ფუნჯი კი პლანშეტის კალმით ჩაენაცვლებინა.
თანამედროვე ხელოვნების ამ ჟანრის დადებით მხარეებზე სხვა არტისტებიც საუბრობენ. თბილისის ქუჩებითა და ქალაქის ძველი კონსტრუქციებით ინსპირირებული მხატვარი მარიამ ყანჩაველი ჰყვება, რომ ინოვაციური მიმდინარეობა თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ყოფითი პრობლემების აღბეჭდვის საშუალებას უკეთ იძლევა. მისი ილუსტრაციების კუთხესა თუ ცენტრში გაკეთებული სევდიანი წარწერები კი ნამუშევარს სიმძაფრეს სძენს.
მოლბერტის, ტილოს, ფუნჯებისა და ხატვისთვის განკუთვნილ სხვა ხელსაწყოებს გვერდს, მარიამ ანდრონიკაშვილის სახელოსნოში, ციფრული კალამიც უმშვენებს. სხვა თანამედროვე არტისტების მსგავსად, ისიც ციფრული არტისტია. განსხვავებულია მხოლოდ შესრულების ტექნიკა და შთაგონების წყარო - მისი ინსპირაცია უკრაინის ომი გახდა, თუმცა, საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებს არც მარიამი ივიწყებს.
საქართველოში ციფრულმა ხელოვნებამ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ფეხი მოიკიდა. ეწყობა არა ერთი დიჯითალ გამოფენა და შემსწავლელი კურსები. თბილისის პარკებში მომრავლებული პლანშეტიანი არტისტებიც იმის დასტურია, რომ გაციფრულებულმა ხელოვნება თავის სათქმელს საქართველოშიც ამბობს. ჩაანაცვლებს თუ არა ტრადიციულ მხატვრობას დიჯითალ ხელოვნება ძნელი სათქმელია, თუმცა მხატვრები აღიარებენ, რომ თანამედროვე და ტრადიციული ჟანრებს თანაცხოვრება მოუწევს.