26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულება ფინალურ ეტაპზეა - როგორ აფასებენ მუშაობის პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულება ფინალურ ეტაპზეა, თუმცა ეს პროცესი ისე სრულდება, რომ ამ დრომდე პოზიციამ და ოპოზიციამ ერთი იდეისა და მაგიდის ირგვლივ გაერთიანება ვერ შეძლო. "ოცნება" და ოპოზიციის ნაწილი იმაზეც კი ვერ თანხმდება, თუ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ევროკომისიის პუნქტების შესრულებაზე და ვინ მეტად ზრუნავს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.

"ოცნება" ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და მათ შორის პარტნიორებსაც ეუბნება, რომ ოპონენტები რეკომენდაციების შესრულებისთვის არაფერს აკეთებენ. თავის მხრივ დასავლელ პარტნიორებთან ჩივის ოპოზიციაც და აცხადებს, რომ პარლამენტი ბრიუსელის დავალებებს ვერ ასრულებს, თუმცა ქართველი ხალხი სტატუსის ღირსია, სანამ პოლიტიკოსები დავას აგრძელებენ, ქვეყანას 12 რეკომენდაციიდან კიდევ რამდენიმე აქვს შესასრულებელი. პარლამენტი კი მომავალ კვირას უკვე შესრულებულ რეკომენდაციებზე ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდება.

ოპონენტები ევროკომისიის მოთხოვნებზე ისევ პარალელურ რეჟიმში მსჯელობენ და ვერც იმაზე თანხმდებიან, სრულდება თუ არა რეალურად 12 რეკომენდაცია. "ნაციონალური მოძრაობა" დავალებების შესრულებას ხელისუფლებას 9 აპრილის აქციით სთხოვს. "ლელო" კი უმრავლესობას მოუწოდებს, ოპოზიციის ინიციატივები განიხილონ. პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ მათი პროექტები პასუხობს 12 პუნქტიან გეგმას და არა უკვე დამტკიცებული კანონპროექტები.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. როგორც "ქართულ ოცნებასა" და საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, მათ ოპონენტების ბოიკოტის ფონზე 12-პუნქტიდან დიდი ნაწილი უკვე შეასრულეს და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურად განაგრძობენ.

უმრავლესობა ამ განცხადებაში გიორგი ვაშაძეს გულისხმობს, რომლის დღის წესრიგი პარლამენტსაც და ქვეყნის ფარგლებსაც სცდება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ბრიუსელიდან საუბრობს იმაზე, რომ თბილისში უკვე შესრულებული პუნქტები ფასადურია. ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ცდილობს პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ოპოზიციის ამ ნაწილის ქმედებები სახელისუფლებო გუნდისთვის სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნისთვის საზიანო საქმე. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ევროინტეგრაციაზე ზრუნვის სახელით პროცესს პირიქით - ხელს უშლიან.

ურთიერთბრალდებების ფონზე პარლამენტი 12 პუნქტზე მუშაობას განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე ეუთო-ოდირის დასკვნას ელოდებიან.

 

დღის ამბები