26 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა საქართველო უკვე დატოვა - ჯეიმს კლევერლის მთავარი გზავნილები და რეკომენდაციები 

საქართველოში რუსული ოკუპაციის სიმბოლო, ჯეიმს კლევერლიმ ახლა უკვე საკუთარი თვალით ნახა. პუტინის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ისე კარგად ჩანს, როგორც 2008-ში. 15 წლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მორიგი, ამჯერად კი სრულმასშტაბიანი აგრესია - საქართველოსთვის შოკი რომ არ იქნებოდა, ბრიტანელმა სტუმარმა კარგად იცის.

ლონდონის პრაგმატული ამოცანა ოკუპანტის სამიზნეების გაძლიერებაა: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, რომლის წინააღმდეგაც, საგარეო მდივნის თქმით, რუსული ჰიბრიდული მანქანა აქტიურად მუშაობს.

"რუსეთის ფიზიკური ყოფნა დღეს ჩემი თვალით დავინახე. საქართველო ჰიბრიდული ომის მსხვერპლია. გვსურს დავეხმაროთ მას. პროპაგანდისა თუ კიბერუსაფრთხოების ნაწილში" -
ეს განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა თბილისის დატოვებისას გააკეთა.

კონკრეტული გზავნილები ჯეიმს კლევერლიმ პირველ პირებთად გაახმოვანა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დახურული იყო, თუმცა ბრიტანეთის საგარეო უწყების ღია გზავნილებით - ლონდონი თბილისს გვერდში უდგას როგორც ევროინტეგრაციის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის, ისე ინსტიტუტების გაძლიერებისა და ნატოსთან დაახლოვების კუთხით.

ნახევარი მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარება ბრიტანეთმა ქვეყანას 2024 წლის არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადასცა. რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ რეგიონისთვის გამოყოფილი 10 მილიონი ფუნტის ნაწილს მოლდოვასთან ერთად, საქართველოც საჭიროებებისამებრ გამოიყენებს. ქართველმა კოლეგამ საგარეო უწყებაში გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სტუმარს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის ამ მასშტაბის გეოპოლიტიკურ ძვრების ფონზე ლონდონის აქტიურობისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრომდე კი, იყო არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. მას ბრიტანეთის საელჩო მასპინძლობდა. სამოქალაქო საზოგადოებამ დიპლომატთან ბოლო დროის ყველა აქტუალური თემა წამოჭრა, მათ შორის, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის გაწვევაც კლევერლიმ მოიწონა და თითქმის ყველა პლატფორმაზე გაუსვა ხაზი, რომ თავისუფალი მედია, მყარი მართლმსაჯულება, ძლიერი სამოქალაქო სექტორი, საქართველოს დაახლოვებს როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში ნახევარი დღით იმყოფებოდა, თუმცა გვიან ღამით ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური შეხვედრისთვისაც მოიცალა. დილით კი იუსტიციის სამინისტროსთვის, რომლის ბაზაზეც ციფრული მმართველობის ოფისი ნახა. ეს ბაზა უკვე 3 წელია ბრიტანულ-ქართული კიბერთანამშრომლობის პროექტს წარმოადგენს. ჯეიმს კლევერლიმ თბილისი უკვე დატოვა. დღეს საღამოს მას ყაზახეთში ელოდებიან.

დღის ამბები