სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სტუდენტებს შეხვდა. სხვადასხვა უნივერსიტეტის ექვსმა წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანს 7-8 მარტის აქციებზე განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუდენტების განცხადებით, აქციების შემდეგ მათზე ხელისუფლება ზეწოლას ცდილობს. სტუდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულან დაკავშირებით, სახალხო დამცველის დასკვნა მალე გამოქვეყნდება.
"ბატონ ლევანს გავუზიარეთ 2 მარტიდან 8 მარტამდე მოყოლებული თუ რა სამართალდარღვევები იყო პოლიციელების მხრიდან, უშუალოდ ჩვენი მოძრაობის წევრებზე და ჩვენს მეგობრებზე. იმედ ვიტოვებთ, რომ ბატონი ლევანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება ჩართული. დღევანდელი შეხვედრა ბატონ ლევანთან მხოლოდ და მხოლოდ დამაიმედებელი იყო თითოეულ კომპონენტზე", - განაცხადა სტუდენტმა ლუკა ჭოხონელიძემ.
ლევან იოსელიან განმარტებით, შეხვედრაზე სტუდენტებმა მას სთხოვეს, 7-8 მარტის აქციების საკითხში სახალხო დამცველი ჩართულიყო, რაზეც მან სტუდენტებს თანხმობა მისცა.
"სტუდენტებმა, რომლებმაც საჯაროდ მომმართეს მოვიდნენ და მქონდა მათთან შეხვედრა. მოვისმინე მათი შეხედულებები, მათი ერთ-ერთი მთავარი თხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველი ჩაერთოს იმ სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მათ გარშემო სამომავლოდ არის დაგეგმილი, რაზეც რა თქმა უნდა თანხმობა ვუთხარი და სახალხო დამცველი ამ ყველაფერში ჩართული იქნება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.