26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ქობულეთში მოსახლეობა აქციას მართავს - ისინი მდინარე კინტრიშთან მძიმე ტექნიკის მუშაობის შეჩერებას ითხოვენ

ქობულეთში მოსახლეობა აქციას მართავს, ისინი მდინარე კინტრიშთან მძიმე ტექნიკის მუშაობის შეჩერებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კომპანია, რომელსაც მდინარიდან ინერტული მასალა გააქვს, სამუშაოებს დარღვევებით და შეუსაბამოდ ახორციელებს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მდინარის ნაპირმა რღვევის პროცესი დაიწყო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასახლებას.

"ზაფხულში დაიწყო ქვა-ღორღის ამოღება მდინარიდან, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, დამბა, რომელიც მდინარეს აკავებს, რომ წყალი კალაპოტიდან არ გადმოვიდეს, იშლება, მოწყდა ორი მონაკვეთი, შარშან აქ ბავშვი იხრჩობოდა და მეზობელმა გადაარჩინა", - განაცხადა სოფელ გელაურის მცხოვრებმა მარინე ჯინჭარაძემ.

მოსახლეობა სიტყვიერად დაუპირისპირდა კონტრაქტორ კომპანიის ხელმძღვანელობას და მოსთხოვეს სამუშაოების შეჩერება. ადგილზე შპს "გზების" ქვეკონტრაქტორი კომპანია, შპს "სონის" დირექტორიც იმყოფება, რომელიც აცხადებს რომ ის დაქირავებული კომპანიაა და მდინარეზე სამუშაოებს კანონის და პროექტის დაცვით ახორციელებენ. ინერტული მასალა კი ისევ მდინარის კალაპოტის გამაგრებას ხმარდება.

"აქედან 200 მეტრში დაზიანებულია დამბა, რადგან წყლიდან მასაა ამოღებული, რის გამოც ჩამოირეცხა გამაგრება და ჩვენ თუ აქ ეს სამუშაო ვერ შევასრულეთ ისე ვერ დავიწყებთ. 2 მეტრი და 80 სანტიმეტრი უნდა დავეშვათ წყლის დონიდან, რომ გაბიონი დავიწყოთ. წყლის დონიდან დაბლა თუ არ ჩავედი და წყალი არ მოვიშორე აღნიშნული ადგილიდან, წყალში როგორ ვიმუშაოთ", - განაცხადა შპს "სონოს" დირექტორმა თენგიზ ცეცხლაძემ.

დღის ამბები