საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს განაგრძობს. თუმცა, შეტევის ტემპებმა ოფიციალური კიევის ინფორმაციით, საგრძნობლად იკლო. დილიდან რუსულმა ჯარმა ცეცხლი დონეცკის ოლქის ორ დასახლებას გაუხსნა. დაშავდა 7 ადამიანი, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღის შენობა.
2 ადამიანი დაიღუპა დაბომბვის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში. სამიზნე აქაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. 10 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე სუმის სასაზღვრო დასახლებებში. საარტილერიო ცეცხლი ოკუპანტებმა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებს გაუხსნეს.
ზეწოლა საოკუპაციო ძალის მხრიდან გრძელდება ბახმუტზე. მაგრამ დანებებას და ქალაქის დათმობას უკრაინელი სამხედროები არ აპირებენ. ბრძოლა, ფაქტობრივად, თითოეული ქუჩისთვის მიმდინარეობს. უკრაინის გენშტაბი კვლავ რუსული ტექნიკის და ჯარისკაცების კოლოსალურ დანაკარგზე საუბრობს - საკუთარს კი ისევ არ საჯაროებს. ბახმუტში არსებულ სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ადგილზე ბოლო მონაცემებით, 3000-ზე მეტი მშვიდობიანი რჩება. მათგან 33 - ბავშვია.
უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე მოგერიებულია მოწინააღმდეგის 30 მასშტაბური შეტევა. ლიკვიდირებულია 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მძიმე ტექნიკა და ჩამოაგდეს სუ - 25 ტიპის მოიერიშე.
ოფიციალური კიევი ამ დრომდე უარყოფს კავშირს როსტოვში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გაჩენილ ხანძართან. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევას წინ აფეთქების ხმა უძღოდა. ხანძრის ლოკალიზებას, სადაც შეიარაღება და საწვავი ინახება, მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის 386 დღეს კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება კანადამ გააკეთა. ოტავა აგრესიის ქვეშ მყოფ ქვეყანას საარტილერიო საბრძოლო მასალას და საზენიტო რაკეტებს გადასცემს. დამატებით 6 "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკს უკრაინისთვის გამოყოფს ესპანეთი. ისრაელმა კი მიიღო გადაწყვეტილება უპილოტო საფრენი აპარატების ჩამხშობი სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაყიდვის შესახებ. რაც უკრაინას ირანულ დრონებთან ბრძოლაში დაეხმარება.