26 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
45 წუთიანი დებატები საქართველოზე - სტრასბურგიდან ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერენ

საქართველო და მისი ევროპული პერსპექტივა - ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში ამ საკითხს თითქმის 45 წუთი დაუთმეს. ევროპელმა დეპუტატებმა მთავარი ტრიბუნა წინა კვირას საქართველოში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად გამოიყენეს, არ დავიწყებიათ არც აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტები და რამდენჯერმე თქვეს, რომ ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. ამბობენ, რომ ახლა მთავარია ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს.

კანონზე, რომელსაც საქართველოში პროტესტი მოჰყვა, განსხვავებული შეხედულებები არსებობს ევროპარლამენტში. მარსელ დე გრააფმა და მიკ ველასმა ღიად თქვეს, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი საქართველოში ე.წ უცხოელი გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას.

ევროპარლამენტარებმა, სტრასბურგიდან ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერენ, თუმცა, იქვე განმარტეს, რომ ამაში ყველაზე მთავარი იმ დავალებების შესრულებაა, რომელიც ქვეყანამ ევროპიდან მიიღო. მათ გუშინდელ დებატებში არც მიხეილ სააკაშვილი დავიწყებიათ, თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც დაკავებულისა და პატიმრის უფლებები.

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ღიად თქვეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომიც და თქვეს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ.

ევროპარლამენტში საქართველოზე გუშინ საღამოს იმსჯელეს. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა და მას პოზიტიური სიგნალი უწოდეს. თითქმის ყველა გამომსვლელი აქცენტს აკეთებდა ქართველი ხალხის ერთგულებაზე ევროპული ღირებულებებისადმი.

დღის ამბები