26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ის, რაც გაგზავნა "ქართულმა ოცნებამ" არის ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბის, რომ ვერ პასუხობს ევრორეკომენდაციებს - ანა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

ვენეციის კომისიამ "საერთო სასამართლოებისა" და "დეოლიგარქიცაზიის შესახებ" შუალედურ დასკვნა გაავრცელა. ოპოზიციის შეფასებით, დასკვნა კრიტიკულია და კანონპროექტი არსებული სახით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საფრთხეს უქმნის.

"სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, კომისიის დასკვნაში, ხაზგასმით წერია, რომ ევრორეკომენდაციის შინაარსი არის სრულყოფილი, მასშტაბური რეფორმის განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის საბჭოში, მაგრამ არამხოლოდ. ხოლო ის, რაც გაგზავნა "ქართულმა ოცნებამ" არის ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბის რომ ვერ პასუხობს ევრორეკომენდაციებს," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ოლიგარქიზაციის პრობლემის გადასაჭრელად, ქვეყანაში საჭირო სისტემურად განხორციელდეს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. ლილუაშვილის შეფასებით, ამისთვის საჭიროა ზედმიწევნით შესრულდეს ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია.

ცნობისთვის, კომისია საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში პუნქტების მიხედვით განუმარტავს ქართველ დეპუტატებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოსთან საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფს აქვს. შენიშვნების ნაწილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ეხება. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია კანონზე დაფუძნებული სამართლიანობის აღსრულება მიუკერძოებლად. ამავე პუნქტში გავლენიანი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი სასამართლოა სწორედ იმის გარანტი, რომ მართლმსაჯულების სისტემა ბოროტად არ იქნას გამოყენებული. კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს, აღმოფხვრას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესებისა და კორპორატიზმის პრობლემა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თბილისში გამოგზავნილ დოკუმენტში კომისია წერს, რომ დეოლიგარქიზაცია ძალიან რთული საკითხია და მისი მიღწევის საშუალებების არჩევა გადამწყვეტია. ვენეციის კომისია მხარს უჭერს კანონპროექტის განზრახვას, რომ შეეცადოს აღმოფხვრას ან შეამციროს "ოლიგარქების" გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა აქვე განმარტავს, რომ "ოლიგარქებად" დასახელებულ პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიების, სხვა პოლიტიკური კამპანიების, მიტინგებისა და დემონსტრაციების "პოლიტიკური მოთხოვნით" დაფინანსების აკრძალვამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები.

დღის ამბები