26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"ალტ ინფოს" მომხრეებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს - გამოხმაურებები, რომელიც დროშის ჩამოგლეჯას მოყვა

ორი წლის შემდეგ, პარლამენტის წინ ისტორია განმეორდა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოს ფლაგშტოკიდან ჩამოხსნეს, შემდეგ კი დაწვეს. ანტი ევროპულად განწყობილებს ხელი პოლიციამაც ვერ შეუშალა, მიუხედავად მოწოდებებისა, "ალტ ინფოს" წევრებმა იმ ორგანიზაციის სიმბოლო გაანადგურეს, რომლის წევრად გახდომა საქართველოს ისტორიული არჩევანია.

ევროკავშირის 12 ვარსკვლავიანი დროშის ნაცვლად, პარლამენტის წინ პრორუსულად განწყობილმა მოქალაქეებმა, საქართველოს ეროვნული დროშა აღმართეს, პოლიციელები არც ამ ფაქტის დაშვებას აპირებდნენ, იმის გამო რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, სამართალდამცველებმა ადგილიდან ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე განარიდეს.

პირველად ევროკავშირის დროშა რუსთაველის გამზირზე 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაეცა, უკვე 6 ივლისს ფლაგშტოკზე ორგანიზაციის სიმბოლო პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ პირადად აღმართა ნიშნად იმისა, რომ ქვეყანა ევროპული ოჯახის განუყოფელი წევრია.

საკანონმდებლო ორგანოს უკვე მოქმედი სპიკერი კი, ჰომოფობიური ჯგუფის წევრების მიერ დროშის ჩამოგლეჯისა და დაწვის ფაქტს გმობს და მოძალადეებს ახსენებს, რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხს აგებენ. იდენტიფიკაციისა და სასამართლოში მოძალადეების ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 2 ათას ლარიანი ფულადი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა ემუქრებათ. ახლა კი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ფრიალებს, ინციდენტიდან ცოტა ხანში ლურჯი დროშა ყვითელი ვარსკვლავებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

 

ავტორი: ანუკი ბუავა. 

დღის ამბები