26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტი და მმართველი გუნდის ბრალდებები - რას პასუხობენ მათ ახალგაზრდები და ოპოზიციის წარმომადგენლები

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტის უკან, დავით კეზერაშვილი დგას. თსუ-ს სტუდენტებმა გუშინ ელიზბარ ელიზბარაშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს და ხმაურით აუდიტორია დაატოვებინეს. "ოცნების" რეგიონულმა მდივანმა გუშინ ისიც დაწერა, რომ პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს დავით ჩხობაძეს კონკრეტული თანხები ძებნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა ჩაურიცხა. მმართველი პარტია სტუდენტს ჩარიცხვების გასაჯაროებას სთხოვს.

ტრანზაქციების გასაჯაროების წინააღმდეგია თავად დავით ჩხობაძე. სტუდენტი ამბობს, რომ ბრალდება სიცრუეა და მას პირადი გადარიცხვებთან დაკავშირებით, ანგარიშის გამოქვეყნების არანაირი ვალდებულება არ აქვს.

სტუდენტების მხრიდან სალექციო პროცესის ჩაშლას, ბოლშევიკური ქმედება უწოდეს დღეს მმართველი პარტიის ლიდერებმა. პოლიტიკოსებმა პარალელი გასაბჭოების შემდეგ მიმდინარე პროცესებთან გაავლეს და თქვეს, რომ ოპოზიცია ახალგაზრდების რადიკალური ქმედებებისთვის გამოყენებას ცდილობს.

"ახალგაზრდების ნაწილს რევოლუციური სცენარისთვის, გიული ალასანიას "საქართველოს უნივერსიტეტში" და მის ბაზაზე არსებულ ფრანკლინის კლუბში ამზადებენ" - თქვა დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და წარსულში ექსპრეზიდენტის დედისთვის ერთ ლარად გადაცემული ქონებაც გაიხსენა.

კობახიძის ბრალდებების ადრესატები "ატლას ნეთვორქთან" თანამშრომლობას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ორგანიზაციის წილი მათ დაფინანსებაში მინიმალურია. ფრანკლინის კლუბში ამბობენ, რომ მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტები აქვთ და პიტერ აკერმანის იდეებთან არაფერი აკავშირებთ. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ "საქართველოს უნივერსიტეტშიც".

სახელისუფლებო გუნდის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. კანონმდებლების აზრით, მმართველი პარტიის რიტორიკა, საგანმანათლებლო დაწესებულებების დისკრედიტაციას ემსახურება.

უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი პროცესების რადიკალიზაციის მცდელობის უკან "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს და ამბობს, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ.

სტუდენტების ნაწილისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში, 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს მიმდინარე პროცესების შეფასებას მოყვა.

დღის ამბები