26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ხელისუფლების პროპაგანდა ცდილობს საერთო სახალხო პროტესტს მოსცხოს ჩირქი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებაში გამოიწვიოს დაბნეულობა - ანა ნაცვლიშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი სახე.

"ნაცმოძრაობა" უდრის ძალადობას - ამბობს კობახიძე. ოპოზიციურ პარტიებში მმართველი გუნდის თავმჯდომარის ბრალდებებს დესტრუქციასა და არეულობის სურვილის შესახებ აბსურდულს უწოდებენ.

"კობახიძის ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ამ კანონის ჩაგდება იყო უბრალოდ ტაქტიკური უკან დახევა. კობახიძე როდესაც საუბრობს "ნაციონალურ მოძრაობაზე", მე მას მოვუწოდებ ახლა მოვიდეს იქ, სადაც მე ვარ, "ნიუჰოსპიტალსში", ნახოს დაზარალებული ბიღიაშვილი, რომელმაც დაკარგა მხედველობა. კობახიძეს მე ასევე გავახსენებ, რომ ზუსტად იგივე სცენარით 20 ივნისს მათ დაარბიეს მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ასევე დაკარგეს თვალი და მხედველობა. ამიტომ, კობახიძეს არ აქვს მორალური უფლება იმისი, რომ ისაუბროს საერთოდ თუ რა იყო 2012 წლამდე და "ნაციონალურ მოძრაობაზე". მით უმეტეს, როდესაც საუბრობ სტუდენტებზე, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს არის სტუდენტების შეურაცხყოფა იმიტომ, რომ სტუდენტები არიან თავისუფალი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა ანა წითლიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ "ხელისუფლების პროპაგანდა" ცდილობს საერთო სახალხო პროტესტს ჩირქი მოსცხოს.

"ხელისუფლების პროპაგანდა ახლა ცდილობს, რომ საერთო სახალხო პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ მოსცხოს ჩირქი და ამისთვის ავრცელებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს, რომ საზოგადოებაში გამოიწვიოს დაბნეულობა. ვფიქრობ, რომ მათი ეს მცდელობა მორიგ ჯერზე დასრულდება კრახით," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები