თაობა Z, რომელიც თავისუფლების, სილაღის, ტექნოლოგიური განვითარების, გონიერების სიმბოლოა. ახალგაზრდები, რომლებიც სხვა რეალობაში დაიბადნენ და სულ სხვა იდეები აქვთ. მრავალფეროვანი ახალგაზრდების თაობა. თაობა, რომელიც პირველი ითვისებს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს.
"კურიერი P.S."ყოველ კვირას გაცნობთ თაობას,რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. წარმატებული და ინოვაციური სტარტაპ ისტორიების ფარგლებში ამჯერად ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილ აპლიკაციაზე მოგიყვებით, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის. სოციალური პლატფორმა, რომელიც ერთ აპლიკაციაში გააერთიანებს ყველანაირ ბილეთს, ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს.
სულ მალე ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ონლაინ რეჟიმში, ერთ სივრცეში და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაჯავშნონ ნებისმიერ სახის სამგზავრო ტრანსპორტი. ბილეთებიც შეიძინონ თანაც სახლიდან გაუსვლელად, "გუგლში" მოგზაურობის გარეშე. აპლიკაციის მუშაობის სპეციფიკა ასეთია. ინოვატორმა ახალგაზრდებმა საკუთარი და სხვების პრობლემა უკვე გადაჭრეს, ახლა პროგრამის დახვეწაზე მუშაობენ. გეგმავენ, რომ იდეა გააცნონ არამარტო თანამოქალაქეებს, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანონ.
კიდევ ერთი მომავლის იდეა პროგრამისტ ზაალ ჯანიკაშვილს ეკუთვნის, იდეა თამაშ - თამაშით პროგრამირების საფუძვლების შესწავლას გულისხმობს. "ბეის თუ" მობაილ-ფაზლ თამაშია, რომელიც სტანდარტულ მოსაწყენ ლექციებს სახალისოს და გასართობს ხდის. ახალბედა ინოვაციური კომპანიები დიდი მიზნებით.
"მობაილ ფაზლ" თამაშის დავალებები პროგრამირების პრინციპებს ეყრდნობა. იგი 10-დან 16 წლამდე მოზარდებს საშუალებას აძლევს, თან გაერთონ და თან პროგრამირების საფუძვლებს მარტივად დაეუფლონ. სტარტაპის დამფუძნებელს, ზაალ ჯანიკაშვილს, პროგრამირების სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დეაც მაშინ მოვიდა, როცა შენიშნა, რომ მოზარდებისთვის სტანდარტული ლექციები მოსაწყენი იყო, თამაში უნდებოდათ, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, პროცესი გასართობი ელემენტებით გამოეცოცხლებინა. სულ მალე GITA-ს 15 000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა. შემდეგ გუნდიც შეკრიბა და ახლა პროგრამა ტესტირების რეჟიმს გადის.
Base2-ის კიდევ ერთი მიზანი მოზარდებში სასკოლო საგნების- მათემატიკის, ინგლისურის, თუ ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივებაცა. სტარტაპის მომდევნო გეგმაც საგანმანათლებლო სისტემას უკავშირდება. აპირებენ, თამაში საზღვარგარეთ, პირველ ეტაპზე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სომხეთში, გაიტანონ.
ამ ინოვატორ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ სტარტაპერები და მათი გამოგონებები ადრე თუ გვიან სამყაროს თამაშის წესებს შეცვლიან და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას კიდევ უფრო გამარტივებენ.